Thumbnail

PREVIEW | პირლო იწყებს - რას უნდა ველოდოთ ანდრეას დებიუტისგან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 20 სექტემბერი | ⌚ 22:45 | ⚽ იუვენტუსი V სამპდორია
  • ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერა იწყება
  • იუვე სეზონს სამპდორიასთან გახსნის, რომელსაც, როგორც წესი, უგებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს 2020/21 წლების სეზონი იწყება. მოქმედი ჩემპიონი იუვენტუსი ახალ სეზონს და შეიძლება ითქვას, ახალ ეტაპსაც, შინ გენუის სამპდორიასთან მატჩით დაიწყებს. ტურინელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დებიუტი შედგება, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა ახალ ამპლუაში და ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება მწვრთნელი ანდრეა პირლო.

პირლოს პირველი ვიზავი გამოცდილი კლაუდიო რანიერია, რომელსაც წარსულში იუვეში უმუშავია და ტურინულ გრანდს კარგად იცნობს. სამპდორიას შარშან რთული სეზონი ჰქონდა და გავარდნას ბოლო ტურებში წარმატებული თამაშით გადაურჩა, რაც სწორედ რანიერის სახელს უკავშირდება და იტალიელს კლუბში ნდობა ახალი სეზონისთვისაც გამოუცხადეს.

იუვენტუსში კი მაურიციო სარი, სკუდეტოს მოგების მიუხედავად, დაითხოვეს, რისი მიზეზიც ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოა, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მაურიციოს ფეხბურთელებთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, რამაც გუნდის სათამაშო ხარისხს დაღი დაასვა.

ანდრეა პირლოსთვის და იუვენტუსისთვის ახალი თავგადასავალი იწყება

შედეგად, ანდრეა ანიელიმ ის გაათავისუფლა და ანდრეა პირლოს უხმო, რომელსაც ჯერ არსად უმუშავია მთავარი მწვრთნელის რანგში. ამიტომაც, პირლოს პერსონა აბსოლუტურად ამოუცნობი იქნება ახალ როლში. ისე კი, ანდრეა იუვეს ხუთი თითივით იცნობს და ახლო წარსულში მის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.

შემადგენლობის მხრივ ტურინელთა ბანაკში დიდი ცვლილებები არ შეინიშნება. გუნდიდან წავიდა ბოლო წლების ნახევარდაცვის მთავარი ღერძი მირალემ პიანიჩი, მას ბლეზ მატუიდი და გონსალო იგუაინი მიყვნენ. სამაგიეროდ, იუვეს შეუერთდნენ ვესტონ მაკკენი, არტური და ნიჭიერი შვედი შემტევი დეიან კულუსევსკი, რომელზეც იტალიური მედიის რწმუნებით, ანდრეა პირლო დიდ იმედს ამყარებს.

კრიშტიანო რონალდოსა და კულუსევსკის დუეტისგან დიდი მოლოდინია

კორონავირუსის პანდემიამ ფინანსური პრობლემები იუვენტუსსაც შეუქმნა და კლუბი სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ აქტიურობს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს გაძლიერება და შემადგენლობის გადახალისება აშკარად სჭირდება. 2020 წელს იუვემ 71 მილიონი ევრო იზარალა, რაც ცხადია კლუბის ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწევს. სწორედ ამიტომ, იუვენტუსი ხმაურიან ტრანსფერ(ებ)ს მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ რომელიმე ლიდერს შეელევა, რაც ნაკლებ სავარაუდოა. იტალიური გრანდი ამჟამად ფორვარდის დამატებაზე მუშაობს, რადგან გონსალო იგუაინის წასვლის შემდეგ, კლუბში ცენტრფორვარდი აღარ ირიცხება.

სანამ იუვენტუსი თავდამსხმელს დაიმატებს, იქამდე სეზონს სამპდორიასთან დაპირისპირებით გახსნის და ამ მატჩის მთავარი ინტრიგაც ანდრეა პირლოს სამწვრთნელო დებიუტია - "მაესტრო" იწყებს, ვნახოთ, რა იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსს სამპდორიასთან ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 11 მატჩიდან 9 მოგებული აქვს.

⚽ იუვემ სამპდორიასთან ბოლო 7 საშინაო მატჩიდან ხუთში პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ იუვენტუსს სამპდორიას კარში ბოლო 5 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ტურინელთა ბოლო 6 საშინაო მატჩიდან ხუთში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იუვემ სამპდორიას 26 ივლისს უმასპინძლა, 2:0 მოუგო და ზედიზედ მე-9 სკუდეტო გაინაღდა.

⚽ სამპდორიას სერია A-ში ბოლო ოთხი მატჩი არ მოუგია (1 ფრე, 3 წაგება).

⚽ გენუელთა ბოლო 5 საგარეო მატჩიდან სამში ორივე გუნდმა გაიტანა, ორში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იუვეს ტურინში სერია A-ს ბოლო მატჩი წაგებული აქვს (რომასთან 1:3). უკანასკნელი 5 მატჩიდან 4-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.

⚽ იუვენტუსმა გასულ სეზონში 43 გოლი გაუშვა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც სკუდეტო ამაზე მეტი გაშვებული გოლით მოუგია, ისევ იუვენტუსია - 44 გოლი 1957/58 წლების სეზონში.

⚽ ტურინში იუვენტუსისა და სამპდორიას მატჩი ფრედ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ დასრულებულა (9 მოგება იუვეს, 2 - სამპდორიას).

⚽ ეს გუნდები სერია A-ს პირველ ტურში ერთმანეთს ორჯერ შეხვდენ: 1982 წელს გენუელებმა 1:0 მოიგეს, 2013 წელს კი იგივე ანგარიშით 3 ქულა ‘ბიანკონერის’ დარჩა.

⚽ იუვენტუსს სერია A-ს პირველ ტურში ყველაზე მეტი თამაში აქვს მოგებული - 66% (87-დან 57) და ყველაზე ცოტა წააგო - მატჩების მხოლოდ 8% (ბოლოს 2015 წელს, უდინეზესთან 0:1).

⚽ სამპდორიას სერია A-ს სასტარტო ტური ბოლო სეზონში წაგებული აქვს. ზედიზედ სამი სეზონის სტარტზე კი 2006/07 წლების სეზონის შემდეგ არ დამარცხებულა.

⚽ პაულო დიბალას სამპდორიას კარში 7 გოლი აქვს გატანილი და სერია A-ში არცერთი გუნდისთვის ამაზე მეტი არ გაუტანია.

⚽ კრიშტიანო რონალდოს სერია A-ს პირველ ტურში გოლი არასდროს გაუტანია.

⚽ რონალდომ სამპდორიას წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და სამივე მატჩში გოლი გაიტანა. იტალიაში პორტუგალიელს ოთხიდან ოთხ მატჩში არცერთი მეტოქისთვის არ გაუტანია.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, რაბიო, არტური, რემზი, პელეგრინი - კულუსევსკი, რონალდო.

ტრავმა: დე ლიხტი, ბერნარდესკი, დიბალა, ალექს სანდრო.

სამპდორია (4-4-2): აუდერო - ბერეშინსკი, კოლი, იოშიდა, აგუდელო - დეპაოლი, თორსბი, ეკდალი, იანკტო - ბონაცოლი, კვალიარელა.

ტრავმა: გაბიადინი.

კომენტარები

ბოლო ამბები