Thumbnail

ჭადრაკი | 'რა მოხდა, ვერც გავიგე' - ჯობავამ გრან პრის ეტაპი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ ელვისებურ ჭადრაკში პირველობა არავის დაუთმო
  • ონლაინ-ტურნირში არაერთი სახელოვანი დიდოსტატი მონაწილეობდა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა ელვისებურ ჭადრაკში Grand Prix XVI-ის გამარჯვებული გახდა, არადა, ტურნირში არაერთი სახელოვანი დიდოსტატი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ მიმდინარე შეჯიბრზე, წრიული თამაშების შემდეგ, საუკეთესო შედეგი – 9 ქულა უზბეკ ნოდირბეკ აბდუსატოროვსა და რუს პიოტრ სვიდლერს აღმოაჩნდათ, მომდევნო ექვს მოჭადრაკეს კი, რომელთა შორის ჯობავაც იყო, აქტივში 8.5 ქულა ჰქონდა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა სწორედ საუკეთესო 8 მოჭადრაკემ განაგრძო და პლეი ოფში ქართველ მოჭადრაკეს უკვე ბადალი არ ჰყავდა. მან გზიდან ხსენებული აბდუსატოროვი და ვიეტნამელი ტუან მინ ლე ჩამოიცილა, გადამწყვეტი შეხვედრა კი კიდევ ერთ ვიეტნამელ ქუანგ ლიემ ლეს 2:1 მოუგო.

“მართალი გითხრათ, გადამწყვეტ პარტიაში ყველაფერი ისე სწრაფად წარიმართა, რა მოხდა, ზუსტად ვერც გავიგე. ეს ფორმატი ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ძალიან რთულია”, - აღნიშნა ჯობავამ და ისიც დაამატა, ვინაიდან ყველა პარტია რეალურ დროში გადაიცემოდა, უფრო მეტ წნეხს ვგრძნობდიო.

ამგვარად, ბაადურმა პრიზის სახით ათასი დოლარი და გრან პრის 12 ქულა მიიღო, თუმცა, ეს ძალიან ცოტაა, რადგანაც გასული ეტაპების მიხედვით ლიდერს – აშშ-ს სახელით მოთამაშე ჰიკაურ ნაკამურას აქტივში 120 ქულა აქვს. გრან პრის მომდევნო ეტაპი 22 სექტემბერს ჩატარდება.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები