Thumbnail

მოსკოვის დინამოს მრჩეველთა საბჭოს წევრი და რუსეთის სახალხო არტისტი ლევ ლეშჩენკო ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ლოკომოტივთან მარცხმა, როგორც ჩანს, ძალიან გააბრაზა.

რუსულ მედიასთან ლეშჩენკო აღშფოთებას ვერ მალავდა. მისი თქმით, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერი ფეხბურთელები რუსეთს ფულს ართმევენ და თავიანთ სამშობლოში გზავნიან. მისი განცხადებით, მოსკოვის დინამოს ევროპაში არ უთამაშია, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს...

ლევ ლეშჩენკო: "სირცხვილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ, ეს სირცხვილიც არაა. თბილისის ლოკომოტივი სამოყვარულო გუნდს ჰგავს: არც ბიუჯეტი აქვთ და არც არაფერი. მათ ფონზე კი დინამო კიდევ უფრო ცუდად გამოიყურებოდა. ვცდილობ, გავარკვიო, რა სახის ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ვერ შევძელი.

მოსკოვის დინამო ევროპაში? ისინი ევროპაში ხომ არც არასდროს ყოფილან. საქართველო რაღა არის? ევროპა? ჩვენ ევროპაში სათამაშოდ მზად არ ვართ. იქნებ უკეთესიც იყოს, რომ გამოვარდით. მათ არ ესმით, რომ დიდ გუნდში თამაშობენ. თითოეულ მოთამაშეს უნდა ვუთხრათ: არ გრცხვენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი? ქართველებს ორი შეტევა ჰქონდათ და ორი გოლი გაიტანეს. ბრწყინვალე შუნინმა, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრია, შეცდომა დაუშვა პირველი გოლის დროს, ან ბურთი უნდა ჩაეჭრა, ან კარში მდგარიყო.

ნახეთ დღეს ნ’ჯიმ რა გააკეთა? ბურთს არასდროს შეხებია. რაში გვჭირდება ასეთი მოთამაშე? რა თანხა დაიხარჯა? თუ შევადარებთ დინამოს და ქართველების ბიუჯეტს... რა აზრი აქვს მრავალმილიონიან შენაძენებს? მოიცილეთ ლეგიონერები, ითამაშეთ საკუთარი რესურსით, გაცილებით უარესი არ მოხდება. ჩემპიონატში უცხოელების დიდი რაოდენობა გვყავს, ისინი დომინირებენ, ფულს შოულობენ და სამშობლოში აგზავნიან - ისინი რუსეთს ფულს ართმევენ. რამე საკუთარი უნდა განვავითაროთ. ეს არის მთავარი საკითხი - სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ გრანადას 24 სექტემბერს დაუპირისპირდება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რუმინული კრაიოვა და მოსკოვის დინამო ერთნაირი ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები