Thumbnail
  • კლიპერსის მარცხი ორგანიზაციისთვის კატასტროფას ნიშნავს
  • დოკ რივერსმა შეცდომები დაუშვა და გაშვებას იმსახურებს
  • კავაი ლეონარდმა გუნდის ლიდერის როლი ვერ მოირგო

'ვიცოდი, რომ თამაში არ უნდოდათ, მაგრამ ასე წასვლას თუ არ აირჩევდნენ, არ მეგონა' - ასე დასცინოდა პორტლენდის მცველი სი ჯეი მაკკალუმი დენვერთან მეშვიდე თამაშში წაგების შემდეგ ლოს ანჯელესს კლიპერსს, რომელმაც ორიოდე კვირით ადრე, კენჭისყრაზე სეზონის გაგრძელების წინააღმდეგ მისცა ხმა.

მაკკალუმი ერთადერთი არ არის, ვინც ეს გააკეთა. NBA-ში კლიპერსის დაცინვა ახლა ტრენდული ამბავია. ამის მიზეზი თავად ლოსანჯელესები არიან. წინა ზაფხულს ორი სუპერვარსკვლავი გააერთიანეს და ამ ტრეიდში მომდევნო ბევრი წლის დრაფტის პიკები, ანუ გუნდის მომავალი გაასხვისეს; ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და დაბალანსებული გუნდი ჰყავდათ, რომლის როტაცია 9 კაცს ითვლიდა; მთელი სეზონი ყველას უმტკიცებდნენ, რომ ჩემპიონობა მათი იყო და მთელი ძალით თამაში არც სჭირდებოდათ; ამავე მიზეზით, ლეონარდი და ჯორჯი მაშინ ისვენებდნენ, როცა უნდოდათ და კლიპერსი, განსაკუთრებით პატრიკ ბევერლი, მთელ ლიგას დასცინოდა.

პატრიკ ბევერლი ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია

მოკლედ, კლიპერსმა თავისი მოჭარბებული ამბიციურობით ყველას თავი მოაძულა და ამის შემდეგ დენვერთან წაგება, როცა სერიას 3:1-ს იგებდა?! მაშინ, როცა ზედიზედ წაგებული სამი თამაშიდან ორში დოკ რივერსის გუნდი თითქმის +20 ქულით იყო წინ და მაინც წაგება მოახერხა?! კლიპერსის მხრიდან მომავალზე ლაპარაკიც უხერხულია. ეს გუნდი ჩემპიონობისთვის შეიქმნა 'აქ და ახლა'. როგორც აღვნიშნე, მათ მომავალის პერსპექტივა აწმყოში გამარჯვების შესაძლებლობაში გაცვალეს. მოკლედ, კლიპერსის გავარდნა მხოლოდ მარცხი კი არა, კატასტროფა იყო. რას შეცვლის ეს ლოს ანჯელესში და რა იყო ამ კატასტროფის მიზეზები?

დოკ რივერსი დროს ჩამორჩა

დოკ რივერსი NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი და ავტორიტეტული მწვრთნელია - ლიდერი და მოტივატორი, რომელსაც მოთამაშეები დიდ პატივს სცემენ. ამის მიუხედავად, ფაქტი ჯიუტია: წლიდან წლამდე მისი გუნდების თამაში მოძველებულად გამოიყურება. ის თამაში, რომელმაც თითქმის 15 წლის წინ საჩემპიონო ბოსტონ სელტიკსი შექმნა, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. რივერსის გუნდები პრიმიტიულად გამოიყურებიან ლიგაში, რომელშიც ბოლო 10 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა ანალიტიკის და ტექნოლოგიების შემოსვლასთან ერთად. 

ბევრი წელია, ის კლიპერსშია, თითქმის ერთპიროვნულად მართავს გუნდს და შედეგი ისევ არ ჩანს. კრის პოლის და ბლეიკ გრიფინის თაობის კლიპერსმა ვერცერთ სეზონში ვერ მოახერხა თუნდაც კონფერენციის ფინალამდე მისვლა. იგივე მოხდა ამ სეზონშიც. NBA-ს ისტორიაში სულ 13-ჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა გუნდმა პლეი ოფში სერია 3:1-დან ამოქაჩა და სამჯერ ეს დოკ რივერსის გუნდების წინააღმდეგ მოხდა. რივერსის კლიპერსმა ჯერ 2015 წელს, თავისზე ბევრად სუსტ ჰიუსტონთან წააგო ზედიზედ სამჯერ და ახლა კი დენვერთან, რომელიც უპირობო აუტსაიდერი იყო.

დოკ რივერსმა დენვერთან სერია პირადად წააგო

3:1-დან წაგებული სერია ორ რამეს ნიშნავს: რივერსი არც ისეთი კარგი მოტივატორია, როგორც ჩანს - ლოსანჯელესელებმა მოახერხეს და 11 ქულით დათმეს თამაში, რომელსაც +19 ქულით იგებდნენ და რივერსი ვერ ახერხებს შეცვალოს სერიის დინამიკა, როცა მისი გუნდი კონტროლს კარგავს.

ერთი კონკრეტული მაგალითი: ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ მონტრეზ ჰარელით თამაში კლიპერსისთვის სუიციდი იყო. 6 თამაშის მერე ჰარელთან ერთად კლიპერსს 108 წუთში - 11.3 ჰქონდა, ხოლო მის გარეშე ჩატარებულ 180 წუთში კი +12.2. უფრო მეტიც, იმ 53 წუთში, როდესაც ჰარელი და იოკიჩი პარკეტზე ერთად იყვნენ, დენვერი ასტრონომიული 21.9 ქულით იგებდა. ეს გასაგებია: იოკიჩი ბევრად დიდი და მაღალია, ეხერხება ზურგით თამაში და ძალიან კარგად თამაშობს პასში. ამის მიუხედავად, რივერსი ჯიუტად ბოლომდე ენდობოდა ჰარელს და არც მსუბუქი ხუთეულით (ცენტრზე მორისი) სცადა თამაში და არც ივიცა ზუბაცს მისცა მეტი წუთები.

რივერსისთვის ჰარელის თამაში სიახლე არ უნდა ყოფილიყო. იგივე ხდებოდა დალასთან - 11.6 ქულა მასთან ერთად და +22.5 ქულა მის გარეშე.

იოკიჩის წინააღმდეგ რივერსი ჯიუტად ცდილობდა ორმაგი დაცვა ეთამაშა მაშინ, როდესაც სერბი ძალიან მაგარია გათამაშებაში და ყოველთვის ახერხებდა წნეხიდან პასით გამოსვლას და თავისუფალი თანაგუნდელის პოვნას, რაც ღია სამიანით სრულდებოდა. მოკლედ, ეს სერია რივერსმა პირადად წააგო. უცნობია, თუ რას გადაწყვეტს გუნდის მფლობელი სტივენ ბალმორი, თუმცა პროფესიული კუთხით რივერსი წასვლას იმსახურებს.

ლეონარდის მენეჯმენტმა ვერ გაამართლა

კავაი ლეონარდმა კლიპერსში სცადა, გაეკეთებინა ის, რასაც ლებრონი ყოველ სეზონში აკეთებს - მოერგო გენერალური მენეჯერის როლი და თავისი შეხედულებისამებრ აეწყო გუნდი. მას ეს არ გამოუვიდა. შესაძლოა, კავაის აქვს იმის პრეტენზია, რომ პარკეტზე მას ლებრონის დამარცხება შეუძლია, თუმცა მისი ლიდერობით აწყობილი გუნდი საჩემპიონო კალიბრს ვერ აკმაყოფილებდა.

სწორედ მისი ინიციატივით, კლიპერსმა მთელი თავისი მომავალი პოლ ჯორჯში გაცვალა. ჯორჯი და კავაი ორივე კალიფორნიელები არიან, ისინი ლოს ანჯელესის გარეუბნებში გაიზარდნენ და სახლში თამაში უნდოდათ, თუმცა ნათელია, რომ ჯორჯმა მეორე ვარსკვლავის როლი ვერ მოირგო და ვერ გაამართლა. ლებრონმა მაიამიში დი-უეიდი და ბოში გააერთიანა, კლივლენდში ირვინგი და კევინ ლავი, ლეიკერსში ენტონი დევისი დაიმატა - ანუ, ყველა ეტაპზე მან სწორი ფსონები გააკეთა. ლეონარდის ფსონმა ვერ გაამართლა.

ლეონარდი ამ სეზონში კლიპერსის ლიდერი მხოლოდ პარკეტზე არ უნდა ყოფილიყო

კავაი ჩუმი კაცია. კლიპერსს ლიდერის პრობლემა ჰქონდა. უკვე გავარდნის შემდეგ, ერთდროულად რამდენიმე მოთამაშემ აღნიშნა, რომ გუნდის შიდა ქიმია წესრიგში არ იყო.

პოლ ჯორჯი: 'შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდით, რომ წელს საჩემპიონო გუნდი არ ვიყავით.'

ამერიკულ პრესაში იმაზეც წერდნენ, რომ ახალმოსულებს (ლეონარდი, ჯორჯი) და წინა სეზონის კლიპერსელებს (ჰარელი, ბევერლი, ლუ უილიამსი) შორის არცთუ ისე კარგი ურთიერთობა იყო. ერთია ტორონტოს, ან სპურსის ტიპის გამართულ ორგანიზაციაში ლიდერობა და მეორე, როდესაც წარუმატებელი ორგანიზაცია ჩემპიონ გუნდად შენ უნდა გარდაქმნა. ლეონარდის მასშტაბი და გავლენა ლებრონთან ახლოსაც ვერ მივა. ლებრონს შეუძლია, აკონტროლოს აგენტები, მოთამაშეები, მენეჯერები და მთელი ორგანიზაციები. შეუძლია, არაფრიდან შექმნას პროვინციულ კლივლენდში საჩემპიონო გუნდი, ან პრობლემური ლეიკერსი ისეც საჩემპიონო ბრძოლაში დააბრუნოს. ლეონარდის მცდელობა, ამ ტიპის იმპერია შეექმნა, წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

კლიპერსის ლიდერები მთელი სეზონი აცდენდნენ თამაშებს და ისვენებდნენ. პლეი ოფისთვის კი აღმოჩნდა, რომ გუნდს შეთამაშების პრობლემა ჰქონდა. კლიპერსი 'ბაბლს' ფორმაში ვერ შეხვდა. ჰარელმა, უილიამსმა და ბევერლიმ სხვადასხვა მიზეზით საერთოდ გამოტოვეს რესტარტი და გუნდს გვიან შეუერთდნენ. მოკლედ, ლეონარდმა მის საკუთარ გუნდში ისეთი რაღაცეები დაუშვა, რაც საჩემპიონო გუნდს არ შეიძლება ქმნიდეს.

'კლიპერსის წყევლა'

'კლიპერსის წყევლა' ის ტერმინია, რომელსაც ამერიკულ მედიაში ხშირად გაიგონებთ. კლიპერსი ის ორგანიზაციაა, რომელსაც ყველანაირი უბედურება ემართება და ქრონიკულად წარუმატებელია: რასისტი მფლობელი, რომელსაც მოდელები მოყავდა გუნდის გასახდელში, რათა თავისი მოთამაშეების ათლეტიზმი ეჩვენებინა; ბლეიკ გრიფინი, რომელმაც პლეი ოფის წინ გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი სცემა და ხელი მოიტეხა, ლიდერების ქრონიკული ტრავმები გადამწყვეტ მომენტებში და 3:1-დან წაგებული სერიები. ლეონარდის მისვლას თითქოს ეს წყევლა უნდა დაესრულებინა. პირიქით გამოვიდა.

პოლ ჯორჯი პლეი ოფის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა

მომდევნო სეზონში გუნდის მენეჯმენტს აუცილებლად მოუწევს, შეცვალოს შიდა ატმოსფერო, მოიყვანოს ახალი ლიდერები და ახლიდან შექმნას 'ფრენჩაიზის' კულტურა. ეს რთული საქმეა. უფრო რთული, ვიდრე ბაზარზე სუპერვარსკვლავების პოვნაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლეონარდს და ჯორჯს უკვე 2021 წელს კონტრაქტები უმთავრდებათ და სურვილის შემთხხვევაში წასვლა შეუძლიათ. ორივე მათგანი იოლად იცვლის გუნდებს და მათი წასვლის შემთხვევაში, კლიპერსი აწმყოსაც დაკარგავს და მომავალსაც. დენვერთან სერია ბევრად დიდი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

კომენტარები

ბოლო ამბები