Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ინტერვიუ მისცა AFP-ს და იმ მოლოდინების შესახებ ისაუბრა, რომელიც 8 ერის ექსპერიმენტული ტურნირთან იგივე "შემოდგომის ერთა თასი 2020"-თან დაკავშირებით გააჩნია.

“ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ბოლო პერიოდში პირველი დონის ნაკრებებს წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ ვეთამაშებოდით. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, 6 ერისთვის მზადყოფნაში გაცილებით ადრე ვიქნებოდით. ახლა, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან გაჯიბრების შანსი მოგვეცა და ეს საჭირო გამოცდილების მისაღებად ჩინებული შესაძლებლობაა. ცხადია, თუნდაც ერთი მატჩის მოგება დიდებული რამ იქნება, თუმცა, მთავარი მიზანი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და თავის დამკვიდრება იქნება. რამდენიმე ვეტერანი მორაგბე გამოგვაკლდა და იგივე მამუკა გორგოძის წასვლა დიდი დანაკლისია, თუმცა, ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ამჟამად, თაობათა ცვლის პროცესი გვაქვს. ახალი ბიჭები მოდიან და მათ იმედის თვალით ვუყურებთ. ცუდია, რომ პანდემიის გამო ჩვენი ჩემპიონატი დიდი 10 შეფერხდა და ახალი სეზონი მხოლოდ 7 ოქტომბერს იწყება, რაც ძალიან გვაფიქრებს. განოდის, რომ ტესტებისთვის მოსამზადებლად მცირედ დრო გვექნება, თუმცა კი, კვირის განმავლობაში 2-3 სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებას ვაპირებთ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მილტონ ჰეიგისა და სხვა წინამორბედების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პატივი მერგო”.

შეგახსენებთ, რომ ქართული რაგბისთვის ისტორიული გადაწყვეტილება 10 სექტემბერს იქნა მიღებული. მის თანახმად, ბორჯღალოსნები ახალ 8-გუნდიან ტურნირში ითამაშებენ, სადაც 6 ერის წარმომადგენლებთან (ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია) ერთად ფიჯიც არის მიწვეული. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 14 ნოემბერს ლონდონურ თვიქნემზე ინგლისთან გამართავს, ჯგუფში კი, ასევე ეთამაშება უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიას (28 ნოემბერი).

ექსპერიმენტულ ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება. შესაბამისად, თუკი საქართველომ ჯგუფში მე-4 პოზიცია დაიკავა, 5 დეკემბერს მე-2 ჯგუფის აუტსაიდერს შეხვდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის სტარტამდე, საქართველოს ნაკრები კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს. ბორჯღალოსნებს 23 ოქტომბერს შოტლანდიაში ტესტი ელით, 1 ნოემბერს კი, რუსეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული თამაში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები