Thumbnail

‘მერე ინტერზე აღარც მიფიქრია’ - ტონალიმ ნებართვა გატუზოს სთხოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მილანის გულშემატკივრები სანდრო ტონალიზე დიდ იმედებს ამყარებენ
  • 20 წლის ნახევარმცველმა მაშინვე ჯენარო გატუზოს დაურეკა

სანდრო ტონალი მილანის ინტერთან ბევრ რამეზე შეთანხმებული იყო, როცა მილანიდან დაუკავშირდნენ - 20 წლის სტრატეგი ნახევარმცველიც სწორედ ამას ელოდა.

ტონალის ზედმეტად ხშირად ადარებენ და ამსგავსებენ ანდრეა პირლოს (თამაშის სტილით, რა თქმა უნდა), თუმცა მისი საყვარელი ფეხბურთელი და მისაბაძი მაგალითი ჯენარო გატუზოა. სწორედ ამიტომ, სანდრო ტონალიმ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ნაპოლის მთავარ მწვრთნელს დაურეკა და მილანში მისი ნომრის აღების ნებართვა სთხოვა. გატუზო მილანში 1999-დან 2012 წლამდე 8-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

'მილანის სიყვარული ბავშვობიდან, მამაჩემისგან მომყვება'

“ინტერში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ როგორც კი მილანის დაინტერესების შესახებ შევიტყვე, არც კი მიფიქრია. მილანის სიყვარული ბავშვობიდან, მამაჩემისგან მომყვება. უბრალოდ ამ გუნდში უნდა გადავსულიყავი. ძალიან დიდი ხანია, მილანის ფორმის ჩაცმა მინდა. ბრეშას პრეზიდენტის დასარწმუნებლად დიდი დრო არ დამჭირდა. ის მაშინვე მიხვდა, რას ნიშნავს ჩემთვის ეს ტრანსფერი,” - ამბობს ტონალი.

იტალიური ფეხბურთის იმედს ‘სან სიროზე’ გატუზო არ ელის. ‘როსონერის’ სტეფანი პიოლი წვრთნის და მილანში იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონი წინაზე წარმატებული იქნება.

“საკმარისად შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტიც, ოღონდ პოზიტიური თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებების დროს პაოლო მალდინის შევხვდი. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია ზლატან იბრაჰიმოვიჩიც და მიხარია, რომ მისი თანაგუნდელი ვიქნები,” - დასძენს მილანის ახალწვეული.

ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულ მილანში სანდრო ტონალის დებიუტი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს შედგება - ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შამროკ როვერსთან...

 

კომენტარები

ბოლო ამბები