Thumbnail

თორნიკე შენგელია: ქართველ გულშემატკივარს უკვე ყველაფერი ავუხსენი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ახალწვეული რუსულ მედიას ესაუბრა
  • 28 წლის კალათბურთელის შთაბეჭდილებები ქვეყანასა და ხალხზე
  • შენგელიას კომენტარი საქართველოში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე  

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ news.ru-სთან ინტერვიუში რუსულ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რის გამოც ის სამშობლოში ბევრმა გააკრიტიკა. თავდაპირველად კი 28 წლის კალათბურთელმა ცსკა-ზე, მოსკოვსა და რუს ხალხზე თავისი შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა:

მოსკოვმა თორნიკეზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა

💬 "ცსკა-ს წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია - დაახლოებით კვირა, შესაძლოა უფრო ნაკლებიც დამჭირდა დადებითი პასუხისთვის. ეს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი გუნდის წევრი ვარ". 

💬 "სიმართლე გითხრათ, მოსკოვი ძალიან მომეწონა. როდესაც აქ მოვედი, გამიმართლა ამინდის მხრივ და რამდენიმე ადგილის მონახულება, გასეირნება მოვასწარი. ძალიან მაგარია". 

💬 "რუსეთშიც ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში. რაც უფრო მეტად ვეცნობი რუსებს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი კიდევ უკეთესად იქნება".

თორნიკემ ცსკა-ს მაისურთი რამდენიმე საკონტროლო მატჩში უკვე ითამაშა

ჟურნალისტმა თორნიკე შენგელიას საქართველოში ფანებისა და ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკულ კომენტარებზეც ჰკითხა:

💬 "რა თქმა უნდა, წავიკითხე. ჯერ ერთი, უკვე დავმშვიდდი და კარგა ხანია, ყველაფერი ავუხსენი ქართველ გულშემატკივარს. მეორეც, მედიაში გავრცელებულ ნეგატიურ კომენტარებზე ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი ოჯახი და ის ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ და მიცნობენ, გვერდში დამიდგნენ. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება".

შენგელია ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში ამ ზაფხულს ბასკონიადან გადავიდა, რომლის ღირსებას 6 წლის განმავლობაში იცავდა და გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. თორნიკემ ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ კლუბშიც 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები