Thumbnail
  • გიორგი ხარაიშვილის დაბრუნება უიღბლო გამოდგა
  • 24 წლის ქართველმა ისევ ტრავმა მიიღო

გიოტებორგის ქართველი ნახევარცველი გიორგი ხარაიშვილი ისევ დაშავდა. ოლსვენსკანის მე-20 ტურში გიოტებორგი სტუმრად ფოლკენბერგს დაუპირისპირდა (3:0) და 24 წლის ქართველი 26 ივლისის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ პირველსავე ტაიმში შესაცვლელი გახდა.

გიორგის ტრავმის გამო ზუსტად თვენახევარი გაუცდა და მოედანზე 10 სექტემბერს, ჰამარბისთან (0:4) დაბრუნდა, როცა შეცვლაზე ითამაშა. ამჯერად კი, გიოტებორგის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა როლანდ ნილსონმა ის ძირითადში გაამწესა.

თუმცა, გიორგის არ გაუმართლა - ტრავმა მიიღო, ტკივილი გაუყუჩეს და მინდორზე დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე წუთში შეცვლა მოითხოვა და 33-ე წუთზე მოედანი დატოვა. ჯერჯერობით დაზიანების ხარისხი უცნობია, მაგრამ შვედური მედიის ცნობით, ქართველს კუნთის პრობლემა აქვს.

მიმდინარე სეზონში გიორგი ხარაიშვილმა ყველა ტურნირზე 15 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, შვედურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და 30 ივლისს შვედეთის თასს დაეუფლა. გიოტებორგმა კი ოლსვენსკანში 14-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და როლანდ ნილსონის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები