Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერ-დეკემბერში შემოდგომის ერთა თასზე იასპარეზებს, სადაც ოთხ მატჩს გამართავს - ინგლისთან, უელსთან, ირლანდიასთან და ჯერჯერობით უცნობ მეტოქესთან.

საქართველოს ნაკრები ტურნირს მისთვის ისტორიული მატჩით იწყებს - 14 ნოემბერს რაგბის მექა "თვიქნემი" ინგლისის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" დაპირისპირებას უმასპინძლებს და ინგლისის სარაგბო ჩინოსნებს ეიმედებათ, რომ ბრიტანეთის მთავრობა ამ მატჩზე მაყურებელს (გარკვეულ რაოდენობას მაინც) დაუშვებს. 

უელსის ნაკრები მოლაპარაკებას ტოტენჰემთან მართავს

 მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივაზე" ირლანდიას ეთამაშება, ხოლო ბოლო დღეს, 5 დეკემბერს მასპინძლის რანგში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც B ჯგუფში იმ ადგილს დაიკავებს, რომელზეც A-ში საქართველოს ნაკრები გავა. მასპინძელი" საქართველო ამ შეხვედრას შოტლანდიაში, "მარიფილდზე" გამართავს.  

რაც შეეხება მე-2 ტურის თამაშს უელსის ნაკრებთან, აქ დიდი გაურკვევლობაა - მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიაა, უელსის ნაკრების მთავარი არენა "პრინსიპალიტი სთედიუმი" ამჟამად ჰოსპიტალად არის გადაკეთებული. სავარაუდოდ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მატჩი "პრინსიპალიტის" მიმდებარე "არმზ პარკზეც" გაიმართოს. სად უმასპინძლებს უელსი საქართველოსა და ინგლისს? (ირლანდიას სტუმრობენ).

"დეილი მეილის" ინფორმაციით, უელსის რაგბის კავშირი მოლაპარაკებას მართავს ტოტენჰემის ხელმძღვანელობასთან, რათა ინგლისთან მატჩი ამ ახალ სტადიონზე გაიმართოს. ოღონდ, უელსელებს ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწყობთ, თუ ბრიტანეთის მთავრობა მაყურებელს დაუშვებს. ამ დღეს ტოტენჰემი პრემიერლიგის მატჩს სტუმრად მართავს ჩელსისთან. 

"ბორჯღალოსნების" დაპირისპირება უელსთან 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ეს კი გამორიცხავს ტოტენჰემის სტადიონს ამ დაპირისპირებისთვის. იმ დღეს ტოტენჰემი სიტის მასპინძლობს და, ბუნებრივია, უელსის ნაკრებს არენას არავინ დაუთმობს. 

უელსელების გეგმა კი ასეთია: თუ ბრიტანეთის მთავრობა საერთოდ არ დაუშვებს მაყურებლებს 8 ერის თამაშებისთვის, მაშინ უელსის ნაკრები მეტოქეებს (მათ შორის საქართველოსაც) რეგიონალურ სარაგბო არენებზე უმასპინძლებს. თუ მთავრობა გარკვეული შეზღუდვებით დაუშვებს მაყურებლებს, მაშინ უელსელები ლონდონის რომელიმე საფეხბურთო სტადიონს იქირავებენ (შედარებით მცირე ზომისას, ვიდრე ტოტენჰემის არენაა). 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს უელსის ნაკრებთან "ბორჯღალოსნებმა" 2019 წლის სექტემბერში მსოფლიოს თასზე ითამაშეს და 14:43 დამარცხდნენ.

ტურნირს არაფერი ემუქრება?

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რჩება შიშები, რომ შესაძლოა, სპორტული ღონისძიებები საერთოდ ვერ ჩატარდეს. როგორც "დეილი მეილი" იუწყება, ეს ყველაზე ნაკლებად ეხება შემოდგომის ერთა თასს. სულ რომ უმაყურებლოდ გაიმართოს, ეს 16 შეხვედრა მაინც ჩატარდება (თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა), რადგან მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია სპონსორებთან და სატელევიზიო კომპანიებთან ვალდებულია, რომ წლეულს გარკვეული პირობებები შეასრულოს. ამ ვალდებულების შესრულება ნოემბრის ტესტების გაუქმებით საფრთხის წინაშე დადგა. ასე იშვა ახალი ტურნირის იდეა, ხოლო იაპონელებისა და სამხრეთაფრიკელების უარის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა უნიკალური შანსი მიიღო...

კომენტარები

ბოლო ამბები