Thumbnail
  • სერენა უილიამსი 6:1, 3:6, 3:6 ვიკტორია აზარენკა
  • ჯენიფერ ბრეიდი 6:7 (1:7), 6:3, 3:6 ნაომი ოსაკა
  • უმცროს უილიამსს მარგარეტ კორტის რეკორდის გამეორებამდე ისევ მოცდა მოუწევს

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა აშშ-ს ღია პირველობის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ამდენად, კიდევ მოცდა მოუწევს, რათა ლეგენდარული მარგარეტ კორტის მიღწევა გაიმეოროს. სერენამ ნახევარფინალური მატჩი ბელარუს ვიკტორია აზარენკასთან 6:1, 3:6, 3:6 წააგო. თამაში თითქმის ორ საათს გაგრძელდა და მეტოქეებმა სამ-სამი ბრეიკი განახორციელეს, თუმცა, გამარჯვება მაინც ვიკას დარჩა, რომელიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება.

ბელარუსმა ჩოგბურთელმა მცირე ხნის წინ ნიუ იორკის მასტერსი მოიგო და ახლა, ზურგს უკვე ზედიზედ 11 გამარჯვება უმაგრებს, US OPEN-ის ფინალში კი მეტოქედ იაპონელი ნაომი ოსაკა ეყოლება. ეს უკანასკნელი ხსენებული მასტერსის ფინალზე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა, ახლა კი, ყველაფერი წესრიგში აქვს და ნახევარფინალში ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის 7:6 (7:1), 3:6, 6:3 მოუგო.

გასული ეტაპი ყველაზე დიდ იმედგაცრუებად მაინც უმცროსი უილიამსისთვის იქცა, რომელიც აშშ-ს ღია პირველობისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. დიდი სლემების ეგიდით რიგით 24-ე გამარჯვებისთვის მან ყველაფერი გვერდზე გადადო და პანდემიის პერიოდში, სახლში, ნიუ იორკის იდენტური კორტიც კი მოაწყო.

სერენამ US OPEN-ის საწყისი 2 რაუნდი იოლად დასძლია, აი, შემდეგ სამ მატჩში კი თითო სეტს აუცილებლად აგებდა და უკვე ნახევარფინალში მარცხს ვერ გადაურჩა. ამგვარად, 38 წლის (39 წელი 26 სექტემბერს უსრულდება) ამერიკელ ვეტერანს აქტივში 23 სლემ-ტურნირი შერჩა და ავსტრალიელი კორტის მიღწევამდე ისევ 1 გამარჯვება აშორებს.

როგორც სჩანს, უილიამსს აღნიშნული რეკორდის გამეორება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ამდენად, აზარენკასთან წაგების მერევე განაცხადა, ბრძოლას ისევ აპირებს და აუცილებლად ითამაშებს როლან გაროსზეც, რომელიც სტარტს უკვე 2 კვირის თავზე აიღებს. სხვა მხრივ, სერენას კომენტარი ასეთი იყო:

“ცხადია, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა, მეორეს მხრივ, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთე. თუკი სხვა თამაშებში ვგრძნობდი, რომ მომატება შემეძლო, ახლა, ბოლომდე დავიხარჯე. ბევრი შეცდომა დავუშვი, მე-2 მოწოდება არ მივარგოდა და ვიკტორიამაც მე-2 სეტიდან მოყოლებულად კარგად ითამაშა. მან ისეთი ბურთები აიღო, რომელთაც როგორც წესი, ვერ წვდება ხოლმე. აზარენკა ნამდვილად უნდა შევაქო. ამხელა ჩავარდნის შემდეგ, ისევ უმაღლეს დონეზე ავიდა. ვიკა ის ჩოგბურთელია, რომელსაც აუცილებლად უნდა უქომაგო, თუკი შენი მეტოქე არაა”.

ვთქვათ ისიც, რომ ზედიზედ მე-2 წელია, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა ფინალში ის ჩოგბურთელები ითამაშებენ, რომლებიც უკვე დედები არიან. აზარენკას ბიჭი ლეო ჰყავს, წყვილთა შეჯიბრის გადამწყვეტ მატჩში კი კორტზე რუსი ვერა ზვონარევა გავა, რომლის ქალიშვილსაც ეველინა ჰქვია. შარშან ერთეულთა ფინალში ხსენებული სერენა (ქალიშვილი ოლიმპია) იყო, აზარენკამ კი მაშინ წყვილების სატიტულო შეხვედრაში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები