Thumbnail

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს!

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს 8 ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელსაც უკვე ოფიციალურად ეწოდა "შემოდგომის ერთა თასი 2020". შესაბამისი ცნობა საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს "შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთჯერადი შეჯიბრის ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, კალენდარი სარაგბო სამყაროსაც აერია. თავიდანვე შემუშავეული იქნა ტურნირის სქემა, სადაც 6 ერის წევრ ქვეყნებს 2 მიწვეული ნაკრები უნდა დამატებოდა.

ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოც არაერთხელ ახსენეს (ფიჯისთან, იაპონიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად), სიტუაცია არაერთხელ შეიცვალა, იაპონელთა და აფრიკელთა უარის შემდეგ კი, შეჯიბრის ორგანიზატორებს "ბორჯღალოსანთა" მიწვევის გარდა, სხვა არჩევანი აღარც ჰქონდათ. ის, რომ საქართველოს ნაკრები ახალ ტურნირში ითამაშებდა, რამდენიმე დღის წინ ისეთმა სოლიდურმა გამოცემებმა დაწერეს, როგორებიცაა Telegraph და Walesonline, ახლა კი, ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა.

A ჯგუფი: ინგლისი (3*), ირლანდია (4), უელსი (6), საქართველო (12)

B ჯგუფი: საფრანგეთი (5), შოტლანდია (8), ფიჯი (11), იტალია (14)

* ამჟამინდელი ადგილი მსოფლიო რაგბის რეიტინგში

ამჟამინდელი ინფორმაციით, "ბორჯღალოსნები" 8 ერში სასტარტო შეხვედრას 14 ნოემბერს ინგლისთან ჩაატარებენ, 21-ში უელსთან თამაშია, 28-ში კი - ირლანდიასთან შეხვედრა. ცხადია, რომ ქართველები ყველა მატჩს სტუმრად ჩაატარებენ. ცნობილია ისიც, რომ 8 ერის ჯგუფური ეტაპის დასრულების მერე არა მხოლოდ ფინალური მატჩი ჩატარდება, არამედ, ყველა ადგილი გათამაშდება. შესაბამისად, თუკი საქართველომ ჯგუფში მე-4 პოზიცია დაიკავა (დიდი ალბათობით, ასეც იქნება), მე-2 ჯგუფის აუტსაიდერს შეხვდება, ეს კი, თავის გამოჩენის დამატებითი საშუალებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები