Thumbnail

საფეხბურთო ვებ-გვერდმა Sofascore.com ერთა ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და სასიხარულოა, რომ ევროპული ფეხბურთის აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად, საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში გამართულ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდნენ და ფრედ (1:1) ითამაშეს. კანკავამ მინდორზე 90 წუთი გაატარა და ტრადიციულად ბევრი იშრომა. სწორედ მასთან უხეშობისთვის 64-ე წუთზე ვისარ მუსილუმ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრებმა დარჩენილი დრო კაცნაკლულებმა გაატარეს.

Sofascore.com-მა ქართველი ფეხბურთელს 7.9 შეფასება დაუწერა და როგორც აღვნიშნეთ, სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ტურის შედეგებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავსტრიელ კრისტოფ ბაუმგარტნერს (9.30) ჰქონდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა. ცნობისთვის, სიმბოლურ გუნდში სხვებთან ერთად სერხიო რამოსი (ესპანეთი), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) და ერლინგ ჰაალანდიც (ნორვეგია) მოხვდნენ.

ვთქვათ ისიც, რომ კანკავა საქართველოს ნაკრებში კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. გუშინდელ შეხვედრაში ჯაბამ საქართველოს ეროვნული გუნდი კაპიტნის სამკლავურით მინდორზე 51-ედ გაიყვანა.

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [ჰაილაითები]

კომენტარები

ბოლო ამბები