Thumbnail
  • ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი NBA-ში პირველ სეზონს აფასებს
  • იგი სათამაშო დროის სიმცირის მიზეზებზე საუბრობს
  • როგორია მისი საკალათბურთო გემოვნება და რას ელის მომავალში
  • გოგა ბითაძემ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა

NBA-ს პლეი ოფი გრძელდება, გოგა ბითაძისთვის კი მისი სადებიუტო სეზონი დასრულებულია. 21 წლის ქართველი ცენტრის ინდიანა პეისერსი პლეი ოფში გავიდა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნეიტ მაკმილანის გათავისუფლება მოჰყვა. პოპსპორტთან ინტერვიუში ქართველმა ცენტრმა, ყოფილ მწვრთნელზე, მისთვის არასაკმარისი სათამაშო დროის მიცემის მიზეზებზე, პეისერსის მომავალსა და თავის საკალათბურთო გემოვნებაზე ისაუბრა. ბითაძემ წლევანდელი ჩემპიონის გამოცნობაც სცადა.

POPSPORT: პირველი სეზონი NBA-ში რთულია. ადაპტაცია უფრო რთულად წარმართა, ვიდრე ელოდით თუ უფრო ადვილად? რა იყო მთავარი სირთულე და რამ გაგაკვირვათ?

გოგა ბითაძე: ადაპტაცია რთული გამოვიდა და ამის მიზეზი სათამაშო დროის სიმცირე იყო. NBA-ში მოთამაშეები ფორმაში მატჩიდან მატჩამდე შედიან. ამასთან ერთად, ახალწვეულები ბევრ რამეს სწავლობენ. გამიჭირდა იმის გამო, რომ პარკეტზე მცირე დროს ვატარებდი. ყველაზე მეტად კი თამაშის სისწრაფემ გამაკვირვა. აქ კალათბურთელები სრულყოფილი ათლეტები არიან. მათი ფიზიკური მომზადების შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, განცვიფრებული დავრჩი, თუ რა სისწრაფეს ინარჩუნებს თითოეული კალათბურთელი მატჩის ბოლოსკენ.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/2 ფინალში?

  • დენვერ ნაგეთსი
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი

POPSPORT: ახალწვეულებს ვეტერანები ინტეგრაციაში ეხმარებიან ხოლმე. თუ გყავდათ ასეთი ვინმე და ვინ იყო თქვენი „მენტორი“?

გოგა ბითაძე: მაილს ტერნერის სახით მყავდა რჩევების მომცემი. მას ლიგაში არაერთი წელი აქვს ნათამაშები. მისი მოსაზრებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეუბნებოდა, რის ხარჯზე შემეძლო გამეუმჯობესებინა ჩემი თამაში, ყურადღებას ყველაზე მცირე ნიუანსებზეც კი მამახვილებინებდა. ყურადღების ნაკლებობას არც დომანტას საბონისისგან ვგრძნობდი. ისინი ჩემს პოზიციაზე თამაშობენ და მათ რჩევებს დიდი ინტერესით ვუსმენდი.

POPSPORT: რას იტყოდით ინდიანაპოლისზე, როგორც ქალაქზე? როგორ აუღეთ ალღო ამერიკულ ცხოვრებას და რა არის მთავარი სხვაობა ევროპასთან?

გოგა ბითაძე: ცხოვრების სტილში ჩემთვის დიდი განსხვავება არ იყო. ინდიანაპოლისი ძალიან წყნარი ქალაქია. ამ ქალაქში განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამიტომ, ევროპულ ქალაქებთან განსხვავება  ნაკლებად შეიმჩნევა.

POPSPORT: რამდენად დიდია სხვაობა ევროპულ და ამერიკულ კალათბურთს შორის? 

გოგა ბითაძე: პირველ რიგში სისწრაფე და სივრცეების არსებობა - NBA-ში უფრო მეტი სივრცეა. გუნდები ცდილობენ, ძალიან სწრაფად ითამაშონ. ევროპულ კალათბურთთან შედარებით, 3-წამიანში ყოფნა უფრო მცირე დროით შეიძლება, რაც მოედანზე სივრცეების არსებობას განაპირობებს.

'ევროპასთან შედარებით, NBA-ში ვარჯიშები ნაკლებად ინტენსიურია'

POPSPORT: ვინ იყო თქვენი ყველაზე რთული ოპონენტი გასულ სეზონში?

გოგა ბითაძე: ტიმბერვულვზის წინააღმდეგ ჩემი პირველი თამაში იყო და იქ კარლ-ენტონი თაუნსთან დაპირისპირება მიწევდა. ეს კარგად არ გამომივიდა და ამიტომაც, ახლა ყველაზე რთულ მეტოქედ მას აღვიქვამ.

POPSPORT: რამდენად რთული და განსხვავებულია NBA-ს სავარჯიშო სპეციფიკა?

გოგა ბითაძე: ევროპასთან შედარებით, NBA-ში ვარჯიშები ნაკლებად ინტენსიურია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამერიკაში ყოველ მეორე დღეს თამაშია, ან ე.წ. “ბექ თუ ბეთ” თამაშები გიწევს - ანუ, ორი თამაში ორ დღეში. ამიტომაც, ვარჯიშები საკმაოდ მსუბუქ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, დატვირთვა უფრო ტაქტიკურ განსწავლულობაზეა. ევროპაში, სადაც კვირაში ერთ ან ორ თამაშს ატარებ, სხვაგვარი სიტუაციაა. სავარჯიშოდ უფრო დიდი დრო გაქვს და უფრო ინტენსიური ვარჯიშებია.

POPSPORT: რამდენად მოერგეთ ინდიანას უკვე ყოფილ მწვრთნელ ნეიტ მაკმილანს, რას იტყოდით მის სამწვრთნელო სტილზე?

გოგა ბითაძე: რა თქმა უნდა, კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდა - პლეი ოფის მეორე რაუნდში გასვლას თხოვდნენ. ამიტომაც, მისთვის ახალწვეულებისთვის ნდობის გამოცხადება რთული იყო. აქედან გამომდინარე მესმოდა მისი და ცუდსაც ვერაფერს ვიტყვი. თამაშის სტილს რაც შეეხება: დრო არ მომეცა, რომ მოვრგებოდი. უფრო მეტი რომ მეთამაშა, უკეთ ავეწყობოდი.

'მაკმილანის მესმოდა და მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი'

POPSPORT: რას იტყოდით მაიკ დ’ანტონის ინდიანაში შესაძლო დანიშვნაზე - ხომ არ გამოიწვევს ეს გუნდის სათამაშო სტილის შეცვლას? დ’ანტონის დაბალი ხუთეულებით უყვარს თამაში, პეისერსს კი სამი ცენტრი ყავს - ბითაძე, საბონისი და ტერნერი.

გოგა ბითაძე: დ’ანტონის დანიშვნაზე არის საუბრები, მაგრამ ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა. ვფიქრობ, რომ გუნდს სურს თამაშის სტილის შეცვლა, მაგრამ რამდენად უნდა, რომ „სმოლ ბოლზე“ გადავიდეს და ამდენი მაღალი მოთამაშით ეს რამდენად გამოუვა, ძნელი წარმოსადგენია.

POPSPORT: საკალათბურთო კრიტერიუმებით თანაგუნდელებს შორის განსაკუთრებით ვინ გაგაკვირვათ?

გოგა ბითაძე: ალბათ ვიქტორ ოლადიპომ. როცა არ უნდა მისულიყავი, სულ დარბაზში იყო. მთელი დღე ვარჯიშობდა - თამაშებამდე, თამაშების შემდეგ. მასთან ერთად სულ იყო ვეტერანი კალათბურთელი ჯასტინ ჰოლიდეი. იგი საერთოდ პირველი მიდიოდა ხოლმე დარბაზში. ყოველ დილას 6 საათზე იქ იყო - თავისი ცხოვრებისეული რუტინა ჰქონდა. მართლა ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ამ ასაკის ადამიანი, ასე მონდომებით ვარჯიშობს.

'ვფიქრობ, ნაკრების მოთამაშეებმა ეს ეჭვები გავფანტეთ. მიმაჩნია, რომ ევრობასკეტზე კარგი გუნდი გვეყოლება'

POPSPORT: რას იტყოდით მომავალ ევრობასკეტსა და საქართველოს ნაკრებზე, რომელშიც თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს?

გოგა ბითაძე: რამდენიმე ხნის წინ, როცა თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო, თითქოს დიდი უიმედობა წარმოიშვა. ქომაგები დაეჭვებულები იყვნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ ვეტერანების ღირსეული შემცვლელების პოვნა გაჭირდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ნაკრების მოთამაშეებმა ეს ეჭვები გავფანტეთ. მიმაჩნია, რომ ევრობასკეტზე კარგი გუნდი გვეყოლება და დადებით შედეგსაც ვაჩვენებთ.

POPSPORT: ვინ არის თქვენი საყვარელი კალათბურთელი ისტორიაში და ახლა?

გოგა ბითაძე: ისტორიაში ჩემი საყვარელი კალათბურთელები კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი არიან. ამ პერიოდში კი დასახელება ძნელია. ყველა ჩემი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მაინც ვიტყვი - ლებრონ ჯეიმსი. თამაშის წაკითხვაში მას ვერავინ შეედრება.

გოგა ბითაძის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი გასულ სეზონში

POPSPORT: როგორია თქვენი პროგნოზი - ვინ გახდება NBA-ს წლევანდელი გამარჯვებული?

გოგა ბითაძე: საერთოდ, პროგნოზების გაკეთება რთულია და მით უმეტეს წელს, რადგანაც ყველა გუნდს ურთულესი მატჩების გამართვა უწევს, თუმცა მაინც მგონია, რომ გამოცდილების ხარჯზე მთავარი ფავორიტი ლეიკერსია.

📌 ინდიანა პეისერსის რიგებში გოგა ბითაძემ მთლიანობაში 54 შეხვედრა ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა, და 8.7 წუთია. მოედანზე მან მთლიანობაში 471 წუთი გაატარა და დროის ამ მანძილზე 37 დაფარება მოაგროვა, რაც ახალბედათა შორის მერვე შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები