Thumbnail
  • პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი ეტაპი დასრულდა.
  • ჩემპიონობისთვის ბრძოლას გიორგი მერებაშვილის პლოცკი და ნიკა კაჭარავას კორონა აგრძელებენ.
  • ლუკა ზარანდიამ ლეხიას გაუტანა.

პოლონეთის ექსტრაკლასას რეგულარული სეზონის ბოლო ტურმა ჩემპიონობისთვის და დარჩენისთვის მებრძოლი 8-8 კლუბი გაარკვია.

ქართველთა გუნდებიდან საჩემპიონო ბრძოლას მხოლოდ პლოცკი და კორონა განაგრძობენ. 
გიორგი მერებაშვილის გარეშე მოთამაშე პლოცკმა სტუმრად იაგელონიას 3:1 მოუგო. ნიკა კაჭარავას კორონა სტუმრად დაუზავდა შლიონსკს - 1:1. კაჭარავა მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. 

ლუკა ზარანდიას არკა სტუმრად ლეხიასთან 2:4 დამარცხდა და რვა საუკეთესოს მიღმა, მე-9 ადგილზე დარჩა. ზარანდიამ შეუცვლელად ითამაშა და მახვილი კუთხიდან გოლიც გაიტანა მე-2 ტაიმში. 

ეს 22 წლის ფეხბურთელის პირველი გოლია არკას რიგებში ჩემპიონატში (7 მატჩი წინა სეზონში, 14 - ახალში). საკლუბო ჩემპიონატებში მას 2014 წლის მაისის მერე (მაშინ თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა) არ გაუტანია, თუმცა ზარანდიას პოლონეთის თასზე 2 და სუპერთასზე 1 გოლი აქვს გატანილი. 

ლაშა დვალის (90 წ) პოგონი სტუმრად ლეგიასთან დამარცხდა - 0:3, ხოლო ნიკა კვანტალიანის (არ უთამაშია) ტერმალიცა სტუმრად 1:1 დაუზავდა პიასტს.  

კომენტარები

ბოლო ამბები