Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ქულა მოიპოვა (1:1). ვლადიმირ ვაისის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბოლო ნახევარი საათი რიცხობრივ უპირატესობაშიც გაატარა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და ქულები დაკარგა.

ოქრიაშვილის გოლი მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და ნიკა კვეკვესკირმა თამაში შეაფასეს და განაცხადეს, რომ გამარჯვება სურდათ, მაგრამ გამოუყენებელი საგოლე მომენტების გამო მიზანს ვერ მიაღწიეს.

💬 ხვიჩა კვარაცხელია: "ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ დღეს არ გაგვიმართლა, ბევრი მომენტი იყო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის. ჩემი აზრით, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს".

ლევან შენგელიას მატჩის მიწურულს გატანის კარგი შანსი ჰქონდა

💬 ლევან შენგელია: "დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა, ასევე ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

კვეკვესკირი ჩრდილოეთ მაკედონიასთნა გამოუყენებელ მომენტებზე წუხს

💬 ნიკა კვეკვესკირი: "ყველას გვესმოდა,  რომ ფურცელზე ჩრდილოეთ მაკედონია, ჩვენთან ერთად, ამ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, რადგან თანაბარი ჯგუფია და თითოეულ გუნდს სურს, ეს ჯგუფი წარმატებით დაასრულოს. ამას გარდა, თამაშს დამატებით მოტივაციას სძენდა ის ფაქტი, რომ მაკედონია ერთა ლიგის ოთხთა ფინალში არის გასული. იყო მოტივაციაც, ცოტა ნერვიულობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გუნდს, შესაძლოა და იმედია, რომ ფინალშიც შევხვდებით. გვინდოდა, რომ გამარჯვებით დაწყებული ჯგუფი წარმატებით გაგვეგრძელებინა. ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ იყო საკუთარ მოედანზე ქულების დაკარგვა. ჩვენს გეგმაში გამარჯვება იყო, რადგან ვცდილობთ, ეს ჯგუფიც წარმატებით გადავლახოთ და აღვზევდეთ B დივიზიონში.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, სანამ გოლს გავუშვებდით, რომელიც ინდივიდუალურ შეცდომას მოყვა, ვფლობდით უპირატესობას და გაშვებულმა გოლმა გუნდზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოწინააღმდეგს კი თავდაჯერება მისცა, გაიხსნენ და პირველი ტაიმის მეორე ნახევარში თითქოს სათამაშო უპირატესობა მათ მხარეს გადავიდა. რეალურად ეს არ ასახულა რაიმე სახიფათო მომენტში. მეორე ტაიმში გვქონდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ".

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში ლიდერობას ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. 3 ქულით მე-3 ადგილზე სომხეთის ნაკრებია, ესტონეთმა კი საწყისი ორივე მატჩი წააგო.

ვლადიმირი ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალში, შინ ბელარუსის ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები