Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა საქართველოს ნაკრებთან თბილისური შეხვედრა (1:1) შეაფასა და განაცხადა, რომ მიზანი მოგება იყო, მაგრამ მათი გეგმები წითელმა ბარათმა შეცვალა.

ელმასი იმასაც ფიქრობს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს, ხოლო საქართველო ბელარუსს დაამარცხებს და თბილისში ჩამოსვლა მის გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კიდევ ერთხელ მოუწევს.

ელიფ ელმასი (ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელი): "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ ორივე გუნდმა სოლიდური თამაში ჩაატარა. ალბათ საწყის 10 წუთში კონცენტრაცია დაკარგული გვქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პენალტიდან გოლი გავუშვით, დავბრუნდით და პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ვითამაშეთ.

ჩვენ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ იმედია კოსოვოსთან მატჩისთვის ასე არ იქნება, დავამტკიცებთ, რომ ეს ნაკრები ბევრად უკეთესია. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ, დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და გუნდურმა სულისკვეთებამ დაგვტოვა თამაშში, რადგან კაცნაკლულებმა მატჩის დიდი ნაწილი ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ 3 ქულის მოპოვება გვინდოდა და ეს იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ მუსლიუს გაძევებამ ჩვენი ტაქტიკა შეცვალა. მე პირადად ვფიქრობ, რომ კოსოვოს სკოპიეში დავამარცხებთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოსთან ვიბრძოლებთ".

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები C დივიზიონის მე-2 ჯგუფს 4-4 ქულით ლიდერობენ. 8 ოქტომბერს კი ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, შესაბამისად, ბელარუსისა და კოსოვოს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ თუ ორივე გუნდი მოიგებს, 12 ნოემბერს, საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში კიდევ ერთხელ შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები