Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფრეც ნორმალური შედეგია. ვაისმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე არსებულ პრობლემას.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "გადავწყვიტეთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დაგვესვენებინა, რადგან ამ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის. მოგება გვსურდა და შეგვეძლო კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ფრეც ნორმალური შედეგია. ბოლო წუთებში შეტევა გავაძლიერეთ, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვების გოლის გატანა შანსების მიუხედავად არ გამოგვივიდა. წინ ბელარუსთან გადამწყვეტი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელებს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, რადგან ბევრს პრაქტიკის ნაკლებობა დაეტყო.

დაცვის მარცხენა ფლანგზე უკვე დიდი ხანია პრობლემები გვაქვს და გადავწყვიტეთ, რომ ნიკა მალის ეთამაშა. მან დაახლოებით 30 წუთი ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ გეთანხმებით, რომ გოლის დროს შეცდომა დაუშვა და შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიცაა და შანსი ცოტა ადრე მივეცი. მაგრამ ვიმეორებ, რომ გოლის გატანა შეგვეძლო და თავდამსხმელებს ამ დონეზე სათამაშოდ უფრო მეტი ყურადღებით თამაში სჭირდებათ. კაჭარავამ წინა მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ ბურთი ბევრჯერ დაკარგა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს ძირითადში არ ყოფილიყო. გიორგი ქვილითაიაც ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ გენტში ამდენი უთამაშებლობა მის ფორმას აშკარად დაეტყო. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის ნიკა მალიც და შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი სანაკრებო კარიერა უნდა დასრულდეს. ფეხბურთში შეცდომები გარდაუვალია, ჩვენ ერთი შეცდომის გამო დავისაჯეთ, მეტოქეც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

ბუდუ ზივზივაძეს ბრატისლავის სლოვანთან მატჩში დავაკვირდი, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ ის გიორგი ქვილითაიაზე უკეთ თამაშობს და ამიტომ, არჩევანი ქვილითაიაზე შევაჩერე. რაც შეეხება დანაკლისს: ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, ისევე, როგორც ოთარ კიტეიშვილი და ჯიმი ტაბიძე. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში ჩვენს დახმარებას მოახერხებს. ამ ოთხეულიდან რომლის ყოლას ვისურვებდი დღევანდელ თამაშში? კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსად 4 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ამ ჯგუფის ეგიდით ვლადიმირ ვაისი გუნდი მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სტუმრად სომხეთთან გამართავს, ხოლო მანამდე 8 ოქტომბერს, თბილისში, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები