Thumbnail
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • ვლადიმირ ვაისმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

ესტონეთში გამარჯვების (1:0 კაჭარავას გოლით) შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე შეხვედრას ჩრდ. მაკედონიასთან გამართავს. თამაშის წინ ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მიხარია, რომ დიდი ხნის შესვენების შემდეგ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს თბილისში. ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ."

....ვაკო გვილიას საკითხი: "გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზადაა, მან 3-4 დღე დაისვენა. კონკრეტულად რომ გითხრათ, მას ტრავმა არ ჰქონია, უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ახლა მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება".

ვლადიმირ ვაისი ესტონეთთან მატჩის დროს
📸 | GFF

...კაშიას და ყაზაიშვილის საკითხი: "კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო ამერიკიდან ჩამოსვლა ადვილი არ არის. თუმცა, კლუბთან გვქონდა კომუნიკაცია და დაგვპირდნენ, რომ ოქტომბერში კაშია და ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებში ჩამოვლენ. სამწუხაროა, რომ გურამ კაშია ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში არ იყო, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და გუნდის ვიცე-კაპიტანია, რაც შეეხება ყაზაიშვილს: ის მუდმივად თამაშობს და ეს კარგია. ვიმედოვნებთ, რომ ბელარუსთან ორივე დაგვეხმარება".

...გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო ფორმა: "ყველას სურს, რომ იხილოს ის ჩაკვეტაძე, რომელიც 2 წლის წინ იყო, მაგრამ ტრავმების გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოთამაშეს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა ფორმაში შესასვლელად და იმედია, ბელარუსთან მატჩისთვის უფრო კარგ ფორმაში იქნებადა და მალე შეძლებს იმ კონდიციაში დაბრუნებას, რომელშიც იყო".

...ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი: "ხვიჩა ნამდვილად დიდი ტალანტია. ჩვენ შანსი მივეცით ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს - მაგალითად, არაბიძეს, ხარაბაძეს... ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენა და მათზე წინასწარ საუბარი ერთგვარად მაშინებს... ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. კვარაცხელია ისეთ დიდ პროფესიონალთან მუშაობს, როგორიც ლეონიდ სლუცკია და ყველაფერი მის ხელშია. მას უყვარს ბურთი და ნამდვილად ძალიან ნიჭიერია. თანაც, კიდევ შეუძლია მომატება და იმედი მაქვს, პროგრესს გააგრძელებს."

'ჯერ მთლიანად ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულები'

...ბელარუსთან ნახევარფინალი: "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჯერ მთლიანად ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ნამდვილად რთულია ახლა საუბარი იმ მატჩზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ ოთხივე ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, 25% აქვს შანსი და ფინალისტებს 50% ექნებათ. შესაბამისად, ყველას თანაბარი შანსი აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა კარგი თამაში ვაჩვენოთ ბელარუსთან. ეს არ არის ადვილად დასამარცხებელი მეტოქე. ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი შეძლებს დასწრებას. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - იქამდე ერთი თვეა და არავინ იცის, რა სიტუაცია იქნება საფეხბურთო სამყაროში. ჩემთვის ნამდვილად არ იყო ადვილი პერიოდი 10 თვე ფეხბურთის გარეშე, თუმცა არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსითვის. ბელარუსში სეზონი არ შეწყვიტეს და ისინი ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ 100%-ზე მეტით დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. გეთანხმებით, რომ მოკლე პერიოდში ადვილი არაა, გუნდთან იდეების მიტანა, თუმცა, ოქტომბრის მატჩზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ".

ხვიჩა კვარაცხელია ესტონეთთან საუკეთესო იყო
📸 | GFF

...ოქრიაშვილის ფორმა და კვარაცხელიას ფლანგი: "თორნიკე ოქრიაშვილს დიდი ხნის განმავლობაში ორი მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამის შემდეგ დაბრუნება ადვილი ნამდვილად არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ის დაბრუნდა და ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს ნაკრებისთვის, 100%-ით იხარჯება ვარჯიშებზე, უყვარს მისი გუნდი და ქვეყანა. დღეს ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას და არაა გამორიცხული, კვარაცხელიას, ჩაკვეტაძესა და ოქრიაშვილს შორის, ერთ-ერთი ძირითად შემადგენლობაში არ იყოს".

...ცენტრფორვარდის პოზიცია: "როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩვენი ფეხბურთელები, იტალიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, კარგ გუნდებში თამაშობდნენ, ახლა კი კვიპროსში, ყაზახეთში... მაშინ ჩვენი საუკეთესო ფორვარდი ლევან მჭედლიძე იყო, მაგრამ ახლა ის აღარ თამაშობს. ქვილითაიას და კაჭარავას კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ".

ვლადიმირ ვაისთან ერთად პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც იმყოფებოდა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ფეხბუთელი): "თავიდან ძალიან რთული იყო პანდემიის რეალობასთან შეგუება. ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობ და ბურთი წაგვართვეს. ამის შემდეგ დაბრუნება ორმაგად სასიხარულო იყო, მითუმეტეს ეროვნულ ნაკრებში 10-თვიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და შანსი გვაქვს საკუთარი ქვეყანა ისეთ მაღალ დონეზე წარმოვადგინოთ, როგორიც ეროვნული ნაკრებია. ფიზიკურ კონდიციებს რაც შეეხება, რთულადაა საქმე, რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში 3 თამაში 9 დღეში ვითამაშეთ და ეს ძალიან რთული იყო. 3-თვიანი პაუზის შემდეგ ძნელია ასეთ მოკლე ინტერვალში 270 წუთი ითამაშო. ფრენების კუთხითაც გართულებულია ყველაფერი და მე და ჯაბა კანკავა გზაში 24 საათი ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში ჩვენთვის ყველაფერია. ბელარუსთან მატჩს რაც შეეხება - ერთი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია და ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ესტონეთთან ბევრი ჩვენი თამაშით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე და მგონია, რომ კარგად ვითამაშეთ და რაც მთავარია, მოვიგეთ. ვეცდებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ და ისევ გავიმარჯვოთ.

ქართველი მაყურებელი დინამო არენაზე და თბილისში ჩვენთვის წნეხი არასდროს ყოფილა. ვისაც ვიცნობ და აქ მეტოქის რანგში უთამაშია, ყველა აღნიშნავს, რომ თბილისში თამაში მათთვის ძალიან რთულია. უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ გულშემატკივართან ერთად გავიზიაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მაგრამ თუ ვერ დაესწრებიან, მგონია, რომ მათ ხმას მაინც გავიგონებთ და სადღაც აქ იქნებიან. როდესაც ვერთიანდებით, დიდ რამეს ვაკეთებთ და მჯერა, ახლაც მოვახერხებთ ამის გაკეთებას. თხოვნაც არ სჭირდება, რომ მხარი დაგვიჭირონ".

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ ტალინში, ესტონეთი 1:0 დაამარცხა, ხოლო ჩრ. მაკედონიამ შინ სომხეთს 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე დაუმარცხებელია - 7 მატჩი, 6 მოგება, 1 ფრე.

კომენტარები

ბოლო ამბები