Thumbnail

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრეკსკონფერენცია გამართა და თამაშის შესახებ ისუაბრა.

43 წლის ესტონელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა ფეხბურთელებმა საქართველოს საუკეთესო მოთამაშეები უნდა გააკონტროლონ და შარშან დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეორონ.

კარელ ვოოლაიდი (ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი არაა. მიხაელ ლილანდერი ვერ დაგვეხმარება. ვარჯიშის შემდეგ სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. კენთან (კალასტე) დაკავშირებით რამდენიმე კითხვაა, ვაკვირდებით და იმედია ხვალ კარგ ფორმაში იქნება. ეს დღეები ვარჯიშის თვალსაზრისით ოპტიმალურად გამოვიყენეთ.

რა თქმა უნდა, ეს იქნება გერმანიასა და ნიდერლანდებთან მატჩებისგან განსხვავებული თამაში. უფრო ბელარუსთან ტიპის შეხვედრაა, მაგრამ სპორტში ყველა მეტოქის პატივისცემაა საჭირო. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ მათი საუკეთესო ფეხბურთელები და შესაძლო სცენარები განვიხილოთ. არ მინდა გასული წლის შეცდომები გავიმეოროთ. ამ კვირაში ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისგან გარკვეულ მომენტებში ძალიან ოპტიმისტური სიგნალები მივიღე, მაგრამ სადღაც არის მომენტები, სადაც გამოცდილებას მნიშვნელობა აქვს.

თუ ისინი ნამდვილი სპორტსმენები არიან, თავიანთ შეცდომებზე ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ. ჯერ კიდევ ვეძებ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიქსს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ევროპისკენ ან უბრალოდ, ამისკენ მიისწრაფვიან. აშკარაა, რომ მათ ამბიცია აქვთ. ხვალ მოედანზე ნამდვილად იქნება ახალგაზრდული გამბედაობა, საღი აზრი და რაციონალიზმი. 

ბევრი ვესაუბრეთ ფეხბურთელებს, შევიმუშავეთ ბევრი თავდაცვითი და შემტევი სტანდარტი და გარკვეულ პრინციპებზე შევთანხდით.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ რეალობას, განსაკუთრებული ცვლილება არაა. სასტუმროში ნიღბებით დავდივართ და ეს ყველაზე დიდი ვიზუალური ცვლილებაა. ზოგადად, განწყობა ძალიან ჰგავს ჩვეულებრივს. ყველას ესმის, რომ მნიშვნელოვანი პროცესებია და გაზაფხულის შემდეგ, ყველამ შეძლო ამასთან შეგუება".

 

კომენტარები

ბოლო ამბები