Thumbnail
  • 'ჩვენს ისტორიაში მთავარი თამაში მოდის – პლეი ოფის დაპირისპირება საქართველოსთან'
  • ბელარუსული ფეხბურთის ხელმძღვანელი თბილისურ შეხვედრას გამოეხმაურა

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ბაზანოვმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი ფაქტორი გამო, უპირატესობა მისი გუნდის მხარეს იქნება. ბაზანოვმა კომენტარი ბელარუსის ეროვნული გუნდის ახალი ფორმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

“განახლებული ფორმა უკვე გვაქვს, ახლა კი, ნაკრებისგან ყველანი ლამაზი თამაშის მოლოდინში ვართ. დღეს ბიჭებსაც ვესაუბრე და გუნდში ამაღლებული განწყობა იგრძნობა. ცხადია, მთავარი შედეგი იქნება და იმედი გვაქვს, წარმატების მიღწევაში კომფორტული ამუნიციაც დაგვეხმარება. უახლოესი ამოცანები ერთა ლიგაში ალბანეთთანა და ყაზახეთთან მატჩებისთვის გვაქვს დასახული, შემდეგ კი, ჩვენთვის ისტორიაში მთავარი თამაში მოდის – ერთა ლიგის პლეი ოფის დაპირისპირება საქართველოსთან. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენთან შიდა ჩემპიონატი არ შეწყვეტილა, ძალიან წაგვადგება და ეს, ჩვენი უპირატესობა იქნება. აღნიშნული უკვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოჩნდა, სადაც ბრესტის დინამო საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა”.

ბელარუსის ნაკრები საქართველოსთან მატჩში ამ ფორმით ითამაშებს

როგორც აღვნიშნეთ, ბელარუსული ფეხბურთის თავკაცმა ეს განცხადება სპეციალურ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელსაც სპეციალური რეგულაციების გამო, მხოლოდ ჟურნალისტები და კაცთა და ქალთა ნაკრების კაპიტნები – ალეკსანდრ მარტინოვიჩი და ანა კოზიუპი ესწრებოდნენ. ბელარუსებს ისევ იტალიური Macron-ი ჩააცმევს და გუნდის საშინაო ფორმა ისევ თეთრი იქნება, საგარეო კი – წითელი, ამდენად, თბილისში მეტოქეს სწორედ წითლებში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ თამაში რამდენჯერმე გადადო. ახლანდელი ვერსიით, მატჩი თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში კი ვლადიმირ ვაისის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. დაესწრება თუ არა ამ მატჩებს მაყურებელი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები