Thumbnail
  • ჩემპიონატის ლიდერი დამარცხდა.
  • PRO D2-ის დასრულებამდე ერთი ტურიღა რჩება.
  • დაქსი და ნარბონი PRO D2-დან გავარდნენ.

PRO D2-ის 29-ე ტური მონ დე მარსანისა და პერპინიანის მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა ჩემპიონატის ლიდერის პერპინიანის დამარცხება მოახერხეს - 23:18. პერპინიანი PRO D2-ის სათავეში დარჩა, მონ დე მარსანი 83 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

ილია კაიკაციშვილის მასი ბიარიცს შეხვდა და 31:24 მოუგო. კაიკაციშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ქართველმა მორაგბემ 49 წუთი გაატარა მინდორზე. მასი მე-11 ადგილზეა, კლუბს 59 ქულა აქვს.

ნევერთან დამარცხდა შალვა სუთიაშვილის ანგულემი - 34:19. სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ბორჯღალოსანი შეხვედრის 36-ე წუთზე მოედნიდან გაასინბინეს. საბოლოოდ კი მწვრთნელმა სუთიაშვილი მე-60 წუთზე შეცვალა. ანგულემი საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში მე-12 ადგილს იკავებს.

მირიან ბურდულის კარკასონი ბეზიესთან 38:19 დამარცხდა. ბურდული სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 42-ე წუთზე გამოჩნდა. კარკასონი გავარდნას გადაურჩა და PRO D2-ში მომავალი სეზონიდან ეცდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას.

ბექა გიგაშვილის გრენობლმა მერაბ შარიქაძისა და გიორგი ცუცქირიძის ორიაკი 46:23 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. ქართველ მორაგბეებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გრენობლი 84 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ორიაკი მე-13 პოზიციაზეა.

ბაიონამ ბექა შეყლაშვილის კოლომიეს ერთი ქულით, 23:22 მოუგო. ქართველი მორაგბე განაცხადში არ იყო. კოლომიემ ბონუს ქულა მოიპოვა, გუნდს 64 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.ბექა ბიწაძის ნარბონი სტუმრად ვანთან დამარცხდა - 50:28. ბიწაძეს სეზონი ტრავმის გამო უცდება.

ნარბონი PRO D2-დან გავარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები