Thumbnail

საფრანგეთის სარაგბო ელიტის, TOP 14-ის ახალი სეზონი 4 სექტემბერს იწყება, თუმცა 7 წყვილიდან ერთი უკვე გადაიდო - პარიზში სტად ფრანსეს ბორდოსთვის უნდა ემასპინძლა...

სტად ფრანსეს პირველ გუნდში ორი ქართველი ლეგიონერია: 30 წლის ვასილ კაკოვინი და 24 წლის გიორგი მელიქიძე. გუნდის ესპუარებშია 20 წლის ხვიჩა ცოფურაშვილი, სამივე მათგანი ბურჯია. 

ვასილ კაკოვინი სტად ფრანსემ ივლისის დასაწყისში წარადგინა

ჯერ კიდევ აგვისტოს პირველ ნახევარში გახდა ცნობილი, რომ პარიზულ კლუბში კორონავირუსის ეპიდემია იყო. covid-19 კლუბის 25 წევრს, მათ შორის მორაგბეებს დაუდასტურდა. სტად ფრანსე კარანტინში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ სამი კვირა გავიდა, კლუბში სიტუაცია მაინც ვერ გამოსწორდა. 

NRL-მა თამაშის გადადების მიზეზად დაასახელა ის, რომ სტად ფრანსეს მხოლოდ ორ პირველხაზელს შეუძლია ვარჯიში, დანარჩენი სხვადასხვა დაუზუსტებელი მიზეზებით (რაც, ალბათ, კორონავირუსს უკავშირდება) ჯერ ვერ ვარჯიშობს. პირველ გუნდში 10 პირველხაზელია, მათ შორის კაკოვინი და მელიქიძე. 

ამ მატჩის გადადებამ ძალიან გაანაწყენა ბორდოს ხელმძღვანელობა, კლუბის პრეზიდენტ ლორან მარტის მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება პარიზული კლუბის სასარგებლოდ მიიღეს. 

NRL თამაში კი გადადო, მაგრამ ამავე დროს სტად ფრანსეს შემოწმებაც გადაწყვიტა, რამდენად დაიცვა კლუბმა covid-19-ის მიღებული პროტოკოლი, იყო თუ არა დაცული თვითიზოლაციის წესები, განახლდა თუ არა ვარჯიში მცირე ჯგუფებად, როგორც ეს სპეციალურ პროტოკოლშია მითითებული. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მელიქიძე 2015 წლიდან სტად ფრანსეში ირიცხება, ვასილ კაკოვინი კი პარიზულ კლუბში წლეულს გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები