Thumbnail
  • სერია A-ს ახალ სეზონს იუვენტუსი გახსნის
  • ეს ტურინელთა ახალი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს დებიუტიც იქნება

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 19 სექტემბერს დაიწყება - სეზონს მოქმედი ჩემპიონის, ტურინის იუვენტუსის და გენუის სამპდორიას მატჩი გახსნის. იტალიის საფეხბურთო ლიგამ ახალი კალენდარი ოთხშაბათს გამოაქვეყნა. ეს თარიღი ტურინული გრანდის ახალი დამრიგებლის, ანდრეა პირლოს სამწვრთნელო დებიუტსაც ნიშნავს.

პირველი ტურის მატჩებიდან ასევე გამოსარჩევია მილანისა და ბოლონიას, რომის ლაციოს და ბერგამოს ატალანტას,  ასევე ფილიპო ინძაგის ბენევენტოსა და მილანის ინტერის მატჩები. აღსანიშნავია, რომ ატალანტა და ინტერი სეზონის პირველი მატჩების გადადებას ითხოვდნენ, რადგან აგვისტოში ევროტურნირებზე თამაშობდნენ.

სერია A-ს მესამე ტურში ისეთი ტოპ-მატჩებია, როგორებიცაა ნაპოლი-იუვენტუსი და ლაციო-ინტერი. იტალიის დერბიდ წოდებული ინტერი-იუვე მე-18 ტურში გაიმართება. იმავე ტურშია რომაული დერბი ლაციო-რომაც.

იტალიის ჩემპიონატი გეგმის მიხედვით 2021 წლის 23 მაისს უნდა დასრულდეს. იტალიის თასის გათამაშება კი 23 სექტემბერს დაიწყება და ფინალი 2021 წლის 19 მაისს დაიგეგმა.

კომენტარები

ბოლო ამბები