Thumbnail

'რამდენიმე ფაქტორის გამო ჩამოვედი' - ინტერვიუ ბიძინა სამხარაძესთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

პატარძეულის ვეფხვების რიგებში 36 წლის ბიძინა სამხარაძე ითამაშებს, რომელიც წლების განმავლობაში ''ბორჯღალოსანთა'' ღირსებას იცავდა. სამხარაძემ კლუბთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. პოპსპორტი ბიძინას დუკავშირდა. ქართველმა მორაგბემ სამშობლოში დაბრუნებაზე, კლუბის მიზნებზე, რუმინულ და ქართულ რაგბიზე ისაუბრა.

Popsport: დიდი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდით. რატომ აირჩიეთ პატარძეულის ვეფხვები?

ბიძინა სამხარაძე: სხვა კლუბებისგანაც იყო შემოთავაზებები. ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. დედაჩემი პატარძეულიდანაა, ამ მხარეს კარგად ვიცნობ. კლუბის მენეჯერი ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც ვთქვი, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემთხვევაში, პატარძეულში ვითამაშებდი. ისედაც მსურდა, რომ კარიერის ბოლო წლები საქართველოში გამეტარებინა და ეს სურვილიც ავისრულე. გარდა ამისა, კლუბი ფინანსურადაც გამართულია და გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში მეთამაშა.

Popsport: ჩემპიონატი 12-გუნდიანი გახდა. რა იქნება თქვენი და კლუბის მიზანი მიმდინარე სეზონში?

ბიძინა სამხარაძე: თუ არ ვცდები, 12-გუნდიანი ჩემპიონატი პირველად ჩატარდება. წინ ბევრი საინტერესო მატჩი გველის. დღეს პირველად ვივარჯიშე გუნდთან ერთად. კლუბი ფიქრობს, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. თუ რამდენიმე მოთამაშე კიდევ დავიმატეთ, არ არის გამორიცხული, რომ შედარებით მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლოთ. ბევრი რამ ჩემპიონატის სტარტზეც და სხვა კლუბების ფორმაზეც იქნება დამოკიდებული.

Popsport: ბოლო წლებში რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობდით. რა დონის ჩემპიონატია და რა დონეზე თამაშობენ რუმინული კლუბები?

ბიძინა სამხარაძე: რუმინეთში კარიერის დიდი დრო გავატარე. ძირითადად ლიდერ კლუბებში ვთამაშობდი. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოვიგე და რამდენიმე ფინალშიც დავმარცხდი.

რუმინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზეა, რადგანაც იქ ძალიან ბევრი ლეგიონერია. სამოელები, ტონგელები, ფიჯელები, ახალზელანდიელები, სამხრეთაფრიკელები და ავსტრალიელები ქვეყნის ჩემპიონატის დონეს ამაღლებენ. სწორედ ამის გამო, საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, რუმინეთის ჩემპიონატში დონე უფრო მაღალია.

Popsport: ბოლო წლებში დიდ 10-ს თუ ადევნებდით თვალს და რას ფიქრობთ ჩვენი ჩემპიონატის დონეზე?

ბიძინა სამხარაძე: ჩვენს ჩემპიონატს დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ძალიან ბევრი ნიჭიერი მორაგბე ქვეყნიდან წავიდა, რის გამოც დონემ დაიკლო. სიმართლე გითხრათ, ბევრი თამაში არ მინახავს. ჩემთვისაც საინტერესოა სამშობლოში დაბრუნება და ისეთ ჩემპიონატში თამაში, რომელშიც სიახლეები მელის.

Popsport: საქართველოს ნაკრებში 61 მატჩი გაქვთ ჩატარებული ჩატარებული - გაიხსენეთ თქვენთვის საუკეთესო 5 თამაში.

პირველი მატჩი, რომელსაც გამოვარჩევ, 2007 წელს ირლანდიასთან გამართული შეხვედრაა. საქართველო მაშინ ახალი გაცნობილი ჰყავდა მსოფლიოს და თითქმის მოვახერხეთ ირლანდიის დამარცხება. 70 წუთზე მეტი ვითამაშე და ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ჩემს სანაკრებო კარიერაში პირველ ადგილზეა.

მეორე შეხვედრა ჩემი სანაკრებო კარიერიდან - რუსეთთან დაპირისპირებაა. 2006 წელს თბილისში მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, მაშინ პირველი ლელო დავდე ეროვნულ ნაკრებში და ეს მატჩი იქნება მეორე ადგილზე.

2011 წლის მსოფლიო თასზე ინგლისთან ჩატარებული მატჩიც მნიშვნელოვანია. ცვლილებაზე შევედი და ხაზის გაჭრა მოვახერხე. ასეთი დონის გრანდთან თამაში დიდი პატივი იყო.

IRB NATIONS CUP-ზე ნამბიასთან 0:13-ს ვაგებდით. ლელოს დადება მოვახერხე, რის შემდეგაც მთლიანად თამაში შემოვატრიალეთ და მოვიგეთ, რაც არასდროს დამავიწყდება.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან 80 000 მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. ძალიან მაგარი გრძნობა იყო ამხელა აუდიტორიის წინაშე თამაში. მთავარია, რომ ქომაგებმა ჩვენც დაგვაფასეს და მატჩის შემდეგ აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვეს.

📌 ბიძინა სამხარაძემ ეროვნულ ნაკრებში 61 მატჩი ჩაატარა და 6 ლელო დადო. გარდა ეროვნული ნაკრებისა, ბიძინა 7-კაცა ნაკრების შეუცვლელი წევრიც იყო. ქართველი მორაგბე ბოლო წლებში რუმინულ კლუბებში თამაშობდა. მან ბოლო სეზონი ტიმიშოარა სარასენსში გაატარა. მან რუმინეთში ჩემპიონობა ოთხჯერ იზეიმა და რამდენიმე ფინალში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები