Thumbnail
  • ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმიდან როტორში გადავიდა
  • ბრაზილიელმა აჭარულ გუნდში 96 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა

დინამო ბათუმის თავდამსხმელი ფლამარიონ ჯოვინო კარიერას ვოლგოგარდის როტორში გააგრძელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი რუსულ გუნდში 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

ჯოვინოს დინამო ბათუმთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული და როტორს მისი გამოსყიდვა 3 მილიონ ევროდ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტით, ჯოვინოს კონტრაქტი დინამო ბათუმთან 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდა, რადგან მან კლუბი იჯარის წესით დატოვა.

24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დინამო ბათუმმა მონტენეგროს ლოვცენიდან დაიმატა და მას შემდეგ გუნდის ლიდერი გახდა. სწორედ ჯოვინოს დიდი დამსახურებით, 2018 წელს გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება მოახერხა - მაშინ სამხრეთამერიკელმა ეროვნულ ლიგა 2-ში 24 გოლი გაიტანა.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობის ფეხბურთელია ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმისთვის, მაგრამ ამასთან ერთად გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ფეხბურთელების წასვლა და მოსვლა შეუქცევადი პროცესია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ფეხბურთელის ინტერესები, ეს მისი არჩევანიც იყო. თუ ჯოვინოს  ტრანსფერმა გაამართლა ეს დინამო ბათუმისადმი ინტერესს მნიშვნელოვნად აამაღლებს. ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით ამბიციური პროექტის განხორციელების პროცესს, გულშემატკივრებს მინდა პირობა მივცე, რომ დინამო ბათუმში ძალიან მალე არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს ჩამოვიყვანთ.

2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონში ჯოვინომ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და წლის ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მთლიანობაში ფლამარიონ ჯოვინომ დინამო ბათუმში გატარებულ 3 წელიწადში 96 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

ვოლგოგრადის როტორი რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა. ამ გუნდში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელია: ბექა მიქელთაძე, ჯანო ანანიძე, საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობდა.

ჯოვის 4 წელი დინამოში

კომენტარები

ბოლო ამბები