Thumbnail

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა და ფრანგული რაგბის შეფმა ბერნარ ლაპორტმა განაცხადა, რომ 8 ერის ტურნირს გამოკლებული იაპონიის ჩანაცვლება მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრებით სურთ...

''იაპონელები ევროპაში ვერ ჩამოვლენ. უკვე ვეძებთ ქვეყანას, რომელიც მათ ჩაანაცვლებს. ამჟამად სამხრეთ აფრიკასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიდი პატივი იქნება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან თამაში, მაგრამ ჯერ ეს არ დადასტურებულა'', - განაცხადა ლაპორტმა.

არადა, მანამდე ბევრმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა, რომ 8 ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებდა. ბერნარ ლაპორტის სურვილი ერთია, რეალობა კი - სულ სხვა. ვნახოთ, რა ხდება სამხრეთაფრიკელთა ბანაკში:

მოგეხსენებათ, წლეულს რაგბის ჩემპიონშიპი (ოთხი სამხრეთული ნაკრების მონაწილეობით), კორონავირუსის გამო, სხვა ფორმატში უნდა გაიმართოს - ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა და არგენტინა ახალ ზელანდიაში უნდა ჩავიდნენ და იქ ერთ წრედ ითამაშონ. ამ ტურნირის ბედიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ბოლო დროს ახალ ზელანდიაში ისევ იფეთქა ინფიცირების შემთხვევებმა, მაგტრამ საბედნიეროდ, ყველაფერი იქით მიდის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ამ ტურნირს "მწვანეს აუნთებს".

მსოფლიოს ჩემპიონ "ქურციკებს" მას შემდეგ არ უთამაშიათ, რაც მსოფლიოს თასი მოიგეს, თუმცა თამაშს ვინ ჩივის... შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში "ბორჯღალოსნებს" ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ჩაიშალა. ადგილობრივი მედიის თქმით, ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ დღეს მიეცა კონტაქტური ვარჯიშის უფლება. მათი ჩასვლა ახალ ზელანდიაში და ნოემბერ-დეკემბერში თამაში მაინც საეჭვოა. ნაკრების მწვრთნელები ამბობენ, რომ კონტაქტური ვარჯიშებიდან თამაშამდე, მინიმუმ 4 კვირა უნდა გავიდეს. ასე რომ, სამხრეთ აფრიკაში შიდა ტურნირები 25 სექტემბრამდე ვერ დაიწყება. იმისთვის, რომ "ქურციკებმა" ჩემპიონშიპში ითამაშონ, ქვეყანა 18 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ. ამ დედლაინამდე მორაგბეები მხოლოდ 4-4 მატჩის გამართვას ასწრებენ. 

"სანამ 6 მატჩს მაინც არ გავმართავთ შიდა ტურნირებში, არსადაც არ წავალთ. არც ზელანდიაში", - ამბობს "ქურციკების" თავკაცი ჟაკ ნაინაბერი. სამხრეთ აფრიკული რაგბის შეფი იურიე რუ კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება სარაგბო ფაქტორების გათვალისწინებით. როგორც ხედავთ, სამხრეთ აფრიკელებს ჩემპიონშიპში თამაშიც ვერ გადაუწყვეტიათ, ევროპაში გამგზავრება კი ამ რეალობაში ფანტასტიკის სფეროდანაა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ 8 ერის ტურნირი სწორედ იმიტომ ეწყობა, რომ პანდემიის გამო, სამხრეთული გრანდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩასვლას ვერ ახერხებენ. მოკლედ, შესაძლოა, ბერნარ ლაპორტს ძალიანაც არ სურს, რომ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მიიღოს მონაწილეობა (შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ ქართული ხმა პიშოს ბანაკში წავიდა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნებზე), მაგრამ მაინც მოუწიოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები