Thumbnail

იაპონური Kyodo News-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონიის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა უარი თქვას ექვსი ერის ორგანიზაციის მიწვევაზე და ნოემბერ-დეკემბერში გასამართავ რვა ერში მონაწილეობა არ მიიღოს...

იაპონელების სავარაუდო უარის მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემებია, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. იაპონიაში სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს ქვეყანაში შესვლაზე, რის გამოც ქვეყნის ეროვნული ნაკრები რვა ერისთვის სრულფასოვან მზადებას ვერ ახერხებს. მაგალითისთვის, ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებს ჯეიმი ჯოზეფსა და ტონი ბრაუნს ახალზელანდიური პასპორტები აქვთ. ისინი ჯერ ვერ ახერხებენ იაპონიაში ჩასვლას. 

2018 წელს ფიჯიში საქართველოს ნაკრებმა ტონგა 16:15 დაამარცხა

ექვსი ერის ორგანიზაციას იაპონიის შემცვლელის მოძიება ესაჭიროება. თითქოს, ლოგიკურიცაა, რომ სამი სავარაუდო კანდიდატიდან "გარეთ დარჩენილი" საქართველო მიიწვიონ, მაგრამ ბრიტანული The Telegraph წერს, რომ "ბორჯღალოსნების" კანდიდატურის გარდა ექვსი ერის ორგანიზაცია ტონგასა და სამოასაც განიხილავს. 

Kyodo News წერს, რომ იაპონელები იმედს არ კარგავენ, რომ წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ ტესტ მატჩის გამართვას, ან შეკრების მოწყობას მაინც. 

შეგახსენებთ, რომ რვა ერის პირველობა 13 ნოემბერს იწყება. გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. მედიის ინფორმაციით, იაპონიას საფრანგეთის, იტალიისა და შოტლანდიის ჯგუფში უნდა ეთამაშა. ასე რომ, თუ იაპონელთა მაგივრად საქართველოს ნაკრებს მიიწვევენ რვა ერში, "ბორჯღალოსნები" სწორედ ამ სამი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. იმასაც შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან მანამდეც ითამაშებს - 24 ოქტომბერს. შოტლანდიელებს ამ მატჩით ექვსი ერის დაპირისპირებისთვის მომზადება სურთ. 

იტალიური onrugby.it წერს, რომ ექვსი ერის ორგანიზაცია შეეცდება ბოლომდე გამოიყენოს ყველა რესურსი და იაპონიის რაგბის კავშირი მაინც დაითანხმოს ტურნირში ჩაბმაზე, აზიელებს მოსაფიქრებლად დროს მისცემენ. რჩება ერთი ვარიანტიც - რვა ერის ნაცვლად 7 ერი ან საქართველოს მისცენ შანსი, რომელიც დიდი ხანია უკვე, რაც ექვსი ერის ორგანიზაციის კარის შეღებას ცდილობს. 

აგვისტოს დასაწყისში ექვსი ერის ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნოემბრის ტესტების კომპენსაციის მიზნით, ნოემბერ-დეკემბერში რვა ერის ექსპერიმენტული ტურნირი გაიმართება, ორი ჯგუფით, თუმცა ექვსი ერის ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომელ ორ ნაკრებს იწვევენ. ევროპულ მედიაში კი სამი ნაკრების კანდიდატურა განიხილებოდა: ფიჯი და იაპონია ან საქართველო.

კომენტარები

ბოლო ამბები