Thumbnail
  • ურუგვაელი იმ მოთამაშეთა შორის სახელდება, რომლებიც კუმანს არ სჭირდება
  • 33 წლის თავდამსხმელის მომავალს მედია იუვენტუსსა და აიაქსს უკავშირებდა

ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ, გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე ბევრი იწერება. ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფრომაცია, რომ ერთ-ერთი, ვისაც ნიდერლანდების ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი დაემშვიდობება, ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესია.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:

"საუბრობენ, რომ ბარსელონას პრეზიდენტმა ვიღაცები ახსენა და იგეგმება მასშტაბური ცვლილებები, მაგრამ ჩემთვის ბარსელონაში არავის უთქვამს, რომ გუნდს აღარ ვჭირდები. თუკი კლუბს ამის სურვილი აქვს, მირჩევნია, პირდაპირ მითხრან. ბარსელონაში უკვე ექვსი წელიწადია ვარ და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია იმისთვის, რომ კლუბში მაცნობონ, რას ფიქრობენ ჩემზე.

სუარესს ტრავმის გამო ბოლო სეზონში საკმაოდ ბევრი გაუცდა

რა თქმა უნდა, ბარსელონასთვის ის მინდა, რაც უკეთესია, ჩემი მიზანი კი ამ გუნდში მუშაობის გაგრძელებაა, მაგრამ თუკი კლუბის გეგმებში არ ვჯდები, მზად ვარ ხელმძღვანელობას მომავალზე დაველაპარაკო", - ამბობს ვეტერანი თავდამსხმელი.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ კუმანის გეგმებში, ლუის სუარესთან ერთად, ასევე არ შედიან ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი და მცველი ჟორდი ალბა. ვარაუდობენ, რომ  სპეციალისტი მათ უახლოეს მომავალში შესთავაზებს ახალი კლუბების მოძიებას.

კუმანი ბარსელონაში ახლახან წარადგინეს

ბარსელონამ 2019/20 წლების სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა და თანამდებობიდან კიკე სეტიენი დაითხოვა. გუნდში მის შემცვლელად 57 წლის კუმანი მივიდა, რომელმაც კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ლუის სუარესი ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ივლისის დასაწყისში კი 33 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა “ბლაუგრანას” მაისურით 195-ე გოლი გაიტანა და კლუბის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. სუარესის მომავალს მედია ამსტერდამის აიაქსსა და ტურინის იუვენტუსს უკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები