Thumbnail

‘ბაიერნი უნაკლო მანქანაა’ - მარჩელო ლიპიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარჩელო ლიპიმ ‘გაძეტა დელო სპორტს’ ინტერვიუ მისცა
  • 72 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე ილაპარაკა
  • მაესტროს ფავორიტად მიუნხენის ბაიერნი მიაჩნია

ლეგენდარულ იტალიელი მწვრთნელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მარჩელო ლიპი მიუნხენის ბაიერნის თამაშით აღფრთოვანებულია და ნახევარფინალური მატჩების წინ ბავარიული გრანდი ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტად მიაჩნია.

“ბაიერნი უნაკლო საფეხბურთო მანქანაა, რომელიც 100 კმ/სთ სისწრაფით დარბის. ეს არის გაწონასწორებული, კარგად დაბალანსებული და ყველა მიმართულებით ხარისხიანად დაკომპლექტებული გუნდი,” - განაცხადა 72 წლის ლიპიმ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში და დასძინა: “ბაიერნი დაუჯერებლად თავდაჯერებულია და ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ გუნდის წნეხის ქვეშ მოქცევა შეუძლებელია.”

ტოსკანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით რეკორდმაისტერის გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი შეაქო: “პოლონელი უნიკალური ფორვარდია არა მარტო იმის გამო, რომ ბევრი გოლის გატანა შეუძლია, არამედ იმიტომაც, რომ თავის სხვა მოქმედებებით დანარჩენ ფეხბურთელებს ატანინებს გოლებს.”

ლიპი დიდი ინტერესით აკვირდება მეორე გერმანულ კლუბ ლაიპციგსაც: “ლაიპციგი არის საფეხბურთო პროექტი, რომელიც უკეთ უნდა შევისწავლოთ. ამ კლუბმა ძალიან სწრაფად გაიარა ყველა იერარქია და არსებობის მხოლოდ 11-წლიან ისტორიაში უკვე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბში ჩადებულია სრულყოფილი იდეები და გეგმები.”

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლაიპციგი პარი სენ-ჟერმენს ეთამაშება, ბაიერნი კი - ლიონს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები