Thumbnail

US Open-ს მსოფლიოს მე-2 ჩოგანიც გამოაკლდა - მიზეზი ამჯერადაც ვირუსია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სიმონა ჰალეპმა სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა
  • ამგვარად, ნიუ იორკში ქალთა TOP 10-ის მხოლოდ 4 წარმომადგენელი ჩავა

ქალთა შორის მსოფლიოს მე-2 ჩოგანი სიმონა ჰალეპი არ იასპარეზებს აშშ-ს ღია პირველობაზე, რომელიც 30 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. მიზეზი იოლი გამოსაცნობია: მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი. აღნიშნულის შესახებ განცხადება რუმინელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“ავწონ-დავწონე ყველა ფაქტორი და ის საგანგებო რეგულაციები, როლებსაც ნიუ იორკში ჩასვლის შემთხვევაში შევხვდებოდი და გადავწყვიტე, რომ აშშ-ს ღია პირველობაში მონაწილეობა არ მივიღო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის პირველ ადგილზე ჯანმრთელობა დგას, ამდენად, ევროპაში ვრჩები და ვარჯიშსა და თამაშს აქ განვაგრძობ. ვიცი, USTA-მა და WTA-მ დიდი სამუშაო გასწიეს, რათა US Open-ი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო, ასე რომ, მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ”.

ამგვარად, აშშ-ს ღია პირველობას ქალთა შორის TOP 10-ის უკვე 6 წარმომადგენელი გამოაკლდა. ამ დროისთვის, ნიუ იორკში თამაშს მხოლოდ კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი), სოფია კენინი (აშშ), სერენა უილიამსი (აშშ) და ნაომი ოსაკა (იაპონია) ითამაშებენ. სამაგიეროდ, იქ ვერ ვიხილავთ ეშლი ბარტის (ავსტრალია), ხსენებულ ჰალეპს, ელინა სვიტოლინას (უკრაინა), ბიანკა ანდრეესკუ (კანადა), კიკი ბერტენსსა (ჰოლანდია) და ბელინდა ბენჩიჩს (შვეიცარია).

საინტერესოა, რომ სიმონა ჰალეპმა გასულ კვირას პრაღის საერთაშორისო ტურნირი მოიგო და ეს, მის კარიერაში 21-ე ტიტული გახლავთ. ამ მაჩვენებლით მან ბელარუს ვიკტორია აზარენკას გადაუსწრო და მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მე-5 ადგილზე გადავიდა. ახლა, რუმინელის წინ მხოლოდ ამერიკელები – სერენა (73) და ვინუს უილიამსები (49), ბელგიელი კიმ კლაისტერსი (41) და ჩეხი პეტრა კვიტოვა (27) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები