Thumbnail

'პატარა გაბრაზდება და წავა' - ლეო მესისა და კიკე სეტიენის მომავალი ბარსაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა 2:8 ბაიერნი
  • მედია ბარსელონაში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს
  • კიკე სეტიენის სამი სავარაუდო შემცვლელი დასახელდა
  • კატალონიური კლუბიდან მესის წასვლის შანსი იზრდება   

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ბარსელონას კატასტროფას ესპანურ მედიაში მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა. როგორც ირკვევა, კატალონიური გუნდიდან კიკე სეტიენის გაშვება მხოლოდ დროის ამბავია და სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელებიც. რაც მთავარია, გააქტიურდა საუბარი ბარსელონადან მისი მთავარი ვარსკვლავის - ლიონელ მესის წასვლის შესაძლებლობაზე.

ბარელონამ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ბაიერნთან ანგარიშით 2:8 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. კატალონიურმა გრანდმა მატჩში 8 გოლი პირველად გაუშვა 1946 წლის შემდეგ.

იწერება, რომ 33 წლის არგენტინელი ფორვარდი უკიდურესად უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობით და არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2021 წლის ივნისამდეა გათვლილი. მესი ბარსელონაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუკი კლუბის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.

ამასთან, ცნობილია, რომ 2021 წლისთვის ლეო მესის ტრანსფერზე მილანის ინტერი მუშაობს და მზადაა, ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელს 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 50 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ბარსაში სეტიენის დღეები დათვლილია, შესაძლოა - საათებიც

"სეტიენს არაფრის გაკეთება შეუძლია, რადგან არ იცის, ვის რა უნდა უთხრას. აგრესიისა და ინტენსივობის გარეშე თამაში არ შეიძლება, როდესაც საერთოდ არაფერი გაგაჩნია. სეტიენს თავდამსხმელის ნაცვლად მოთამაშე მოედნის ცენტრში გამოჰყავს, რომელიც არავის იყვანს...

მესი? პატარას (იგულისხმება ლეო) მიმართ არ შეიძლება პრეტენზია გვქონდეს. ამ ვითარებაში არაფერია სათქმელი. ვშიშობ, რომ პატარა გაბრაზდება, მიხვდება, რომ აქ საქმე აღარ აქვს და კლუბს დატოვებს", - ამბობს ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ლუის სუარეს მირამონტესი.

რაც შეეხება კიკე სეტიენს, როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას სპეციალისტთან დამშვიდობება გადაწყვეტილი აქვს და მის სავარაუდო შემცვლელებს განიხილავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონას მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო, ნიდერლანდელი რონალდ კუმანი და ესპანელი ჩავი ერნანდესი არიან.

ჩავის ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი ოცნება ბარსელონას გაწვრთნაა

პოჩეტინო უმუშევრად ტოტენჰემიდან გათავისუფლების შემდეგ დარჩა, კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს წვრთნის, კატალონიური კლუბის ლეგენდა ჩავი კი ყატარულ ალ სადში მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები