Thumbnail

წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ბარსელონასა და ბაიერნის დღევანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლიონელ მესისა და რობერტ ლევანდოვსკის შორის უმჯობესის გამოსავლენად, მომავალი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება.

“ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ მესის დაპირისპირება მსოფლიოს მომავალ საუკეთესო ფეხბურთელთან მოუწევს. ლევანდოვსკი მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფება და სრული უფლება აქვს სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე პრეტენზია გამოთქვას. თუმცა, მან თავისი პირველობა ამჟამინდელ საუკეთესოსთან უნდა დაამტკიცოს. ძალიან საინტერესო იქნება ამ მატჩში მათ ქმედებებზე დაკვირვება. ცნობილია, რომ მესი გადამწყვეტ მატჩებში განსაკუთრებულად თამაშობს, მაშინ უმატებს, როდესაც საჭიროა. თავის მხრივ, ლევანდოვსკიმ სეზონში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერს იზამს. შესაბამისად, ამ 2 ვარსკლავიდან შემდეგ ეტაპზე ვინც გავა, 2020 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ის იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მეოთხედფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბარსელონა და ბაიერნი ლისაბონში ითამაშებენ და მატჩი ამჯერადაც მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მანჩესტერ სიტისა და ლიონს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

აწ უკვე 48 წლის რივალდოს ბრაზილიის ნაკრების მაისურით 74 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, 1997-2002 წლებში კი სწორედ ბარსელონაში თამაშობდა და 157 შეხვედრაში 86 გოლი უგროვდება. ევროპული კარიერის განმავლობაში, ბრაზილიელი შემტევი მილანისა (2002-04) და ათენის აეკ-ის (2007-08) ღირსებასაც იცავდა, კარიერა კი 2015 წელს სამშობლოში, კერძოდ კი, მოჟი მირიმში დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები