Thumbnail
  • ვილიანმა არსენალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მიკელ არტეტა მასზე დიდ იმედს ამყარებს

ლონდონის არსენალმა ვილიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "მეთოფეებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 12-ნომრიანი მაისური მოირგო.

ვილიანი არსენალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ჩელსისთან რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ამოეწურა. სამხრეთამერიკელის "არისტოკრატებიდან" წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ კლუბს მისთვის 3-წლიანი კონტრაქტის უზრუნველყოფა არ სურდა.

"მჯერა, რომ ვილიანი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენს სასარგებლოდ შეეძლება სიტუაციის შეცვლა. მას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გვქონდა მკაფიო განზრახვა, რომ შეტევა გაგვეძლიერებინა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ვარიაციის შესაძლებლობას გვაძლევს", - თქვა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ.

ვილიანი ჩელსიში 7 წელი თამაშობდა და 339 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ბრაზილიელის კარიერა კორინთიანსში 2006 წელს დაიწყო, ხოლო შემდეგ დონეცკის შახტარში 6 სეზონი გაატარა (221 მატჩი, 37 გოლი), საიდანაც მცირე პერიოდით რუსულ ანჟიში გადავიდა. ბრაზილიის ნაკრებში გამოცდილი ნახევარმცველის ანგარიშზე 70 თამაში და 9 გოლია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები