Thumbnail

'გაცოფებული ვარ' - რუმენიგე ბაიერნში რასისტულ სკანდალზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენელთა რიგებში რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელზეც ბოლო დღეებში გერმანიაში აქტიურად საუბრობენ.

მცირე ხნის წინ, ტელეკომპანია ARD-მ გააკეთა სიუჟეტი, სადაც ბაიერნის აკადემიის ერთ-ერთი მწვრთნელის არასათანადო ქმედებების შესახებ იყო საუბარი. როგორც გაირკვა, ის ჩათში, სადაც ფეხბურთელები და სხვა მწვრთნელები იყვნენ გაერთიანებულნი, ხშირად იყენებდა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, როგორიცაა, მაგალითად – “ბინძური თურქები”. ამ ინფორმაციამ რუმენიგე წყობიდან გამოიყვანა:

“ეს არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ბაიერნი მისდევს. აღნიშნულმა შემთხვევამ გამაცოფა. სასწრაფოდ უნდა გავარკვიო, ვისზეა საუბარი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაიერნი ყოველთვის რასიზმის წინააღმდეგი იყო”.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბაიერნმა მინიმუმ 4 წერილი მიიღო, სადაც აკადემიის ფეხბურთელების მშობლები ერთ-ერთი მწვრთნელის ხისტი მეთოდები იყო გაკრიტიკებული.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა მთავარი გუნდი ამჟამად ლისაბონში იმყოფება, სადაც დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ესპანურ ბარსელონას ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები