Thumbnail

აშშ-ს ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული ბიანკა ანდრეესკუ მონაწილეობას არ მიიღებს წლევანდელ ტურნირში, რომელიც ნიუ იორკში 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადელმა ჩოგბურთელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“ძვირფასო გულშემატკივრებო, ახლობლებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წლეულს ნიუ იორკში არ წავიდე. ასე აღდგენისთვის უფრო მეტი დრო მექნება. ეს აუცილებელია, რათა უმაღლეს დონეზე თამაში ისევ მოვახერხო. შარშან აშშ-ს ღია პირველობის მოგება ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო და ამჯერად, ტურნირი ძალიან დამაკლდება. სამწუხაროდ, სირთულეებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთანაც იყო დაკავშირებული, შეჯიბრისთვის სრულფასოვნად მომზადების საშუალება არ მომცა”.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ანდრეესკუსთვის US Open დიდი სლემის ერთადერთი მოგებული ტურნირია. 2019 წელს მან ფინალში ამერიკელ სერენა უილიამსს 6:3, 7:5 სძლია, მანამდე კი, გზიდან ვოლინეცი (აშშ), ფლიპკენსი (ბელგია), ვოზნიაცკი (დანია), თაუნსენდი (აშშ), მერტენსი (ბელგია) და ბენჩიჩი (შვეიცარია) ჩამოიცილა.

ამგვარად, წლევანდელი US Open ერთეულთა შორის შარშანდელი ჩემპიონების გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ნიუ იორკში ჩასვლა ესპანელმა რაფაელ ნადალმაც იუარა, რომელმაც გასული წლის ფინალში რუს დანიილ მედვედევს 7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები