Thumbnail

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას ტვენტეში აცნობეს, რომ შეუძლია ახალი გუნდი მოძებნოს. Tubantia წერს, რომ ქართველი ნახევარმცველის ხელფასი კლუბს მძიმედ აწევს რთულ ფინანსურ პერიოდში და ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას იმის ფონზე, რომ ახალ სეზონში გიორგის ენსხედელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

შანსი, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ამ ეტაპზე დიდი არაა, იმის მიუხედავად, რომ აბურჯანიამ ტვენტეს ბოლო ორ საკონტროლო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ექსელსიორსა და ფორტუნა სიტარდთან).

ნიდერლანდურ კლუბს ორი ნახევარმცველით გაძლიერება სურს, ერთ-ერთი კარიმ ელ აჰმადია, მეორე კი 10 ნომრის პოზიციის მოთამაშე და ჩვენებურის წასვლით გამოთავისუფლებული ფულით აპირებს ტრანსფერებზე მუშაობას.

აბურჯანიას ტვენტეს დატოვება მოუწევს - მიზეზი ხელფასია

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აბურჯანია არაევროკავშირის ქვეყნიდანაა, რაც მის სახელფასო გადასახადს ზრდის. ტვენტეს ტექნიკურმა დირექტორმა იან სტრეუერმა უკვე ისაუბრა აბურჯანიას გუნდიდან წასვლის შესახებ:

"გიორგი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძვირი მოთამაშეა. აღარ შეგვიძლია ასეთი ხელფასის გადახდა. კლუბმა შეატყობინა ნახევარმცველს, რომ შეუძლია მოძებნოს სხვა გუნდი. მაგრამ არ ვაპირებთ მის ტრანსფერზე დაყენებას ან რაიმე სხვა გზით ჩარევას, ეს არ იქნება ლამაზი, აქვს კონტრაქტი და ვიცავთ მას", - თქვა სტრეუერმა.

ენსხედელთა ტექნიკური დირექტორი იმასაც ამბობს, რომ აბურჯანიას მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ არ აკონკრეტებს გუნდების სახელებს.

📺 ვიდეო: აბურჯანიას ლამაზი ჯარიმა ფორტუნა სიტარდთან

გიორგი ტვენტეში ერთი წლის წინ, სევილიადან 2-წლიანი იჯარით გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს. 2019/20 წლების სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე პრესეზონის ფარგლებში კი მან ბოლო ორ ამხანაგურ თამაშში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ბოლო მატჩში ფორტუნა სიტარდს ულამაზესი ჯარიმაც გაუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები