Thumbnail

ნაგელსმანი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი მწვრთნელია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლაიპციგი 2:1 ატლეტიკო
  • გოლები: 1:0 დანი ოლმო (50), 1:1 ჟოაო ფელიქსი (71-პენ), 2:1 ადამსი (88)
  • ლაიპციგის მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ

ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუყვანია.

მადრიდის ატლეტიკოსთან 2:1-ით მოგებული მატჩის დროს ნაგელსმანი 33 წლის და 21 დღის იყო. ლაიპციგმა დიეგო სიმეონეს გუნდი დანი ოლმოსა და ტაილერ ადამსის გოლებით დაამარცხა. სულ რაღაც 11 წლის წინ დაარსებული გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა და იქ 18 აგვისტოს პარი სენ-ჟერმენს შეხვდება.

'გოლი ზუსტად მაშინ გავიტანეთ, როცა ყველაზე მეტად გვინდოდა'

“მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება ძალიან დამსახურებულია - მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი რიკოშეტით გავიდა. ეს გოლი ზუსტად მაშინ გავიტანეთ, როცა ყველაზე მეტად გვინდოდა. ფეხბურთელებმა ჩემი იდეები მოედანზე იდეალურად გადაიტანეს. როდესაც ატლეტიკომ ანგარიში გაათანაბრა, არ დავიბენით,” - განაცხადა ლაიპციგის ახალგაზრდა დამრიგებელმა ისტორიული მატჩის შემდეგ.

იულიან ნაგელსმანმა ლაიპციგი 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით საქსონიელებმა ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავეს, გერმანიის თასს კი 1/8 ფინალში გამოეთიშნენ. ნაგელსმანს ლაიპციგთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩი გაიმართება: ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს ეთამაშება. შაბათს ბოლო მეოთხედფინალური მატჩია: მანჩესტერ სიტი-ლიონი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები