Thumbnail

სენსაცია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში: ლაიპციგმა მადრიდის ატლეტიკო 2:1 დაამარცხა და ბევრისთვის მოულოდნელად ნახევარფინალშია, სადაც პარი სენ-ჟერმენთან დუელი ელის. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ისტორიულ წარმატებას რიკოშეტით გასული გოლით მიაღწია, რომელიც შეცვლაზე შესული ტაილერ ადამსის ანგარიშზეა - ლაიპციგელებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე გაიტანეს.

თამაში ორივე გუნდმა ზედმეტი რისკის გარეშე დაიწყო. პირველ წუთებში ლაიპციგი უკეთესი იყო და დომინირებას ახერხებდა, თუმცა მოგვიანებით ატლეტიკომ მოუმატა და შეტევაში უფრო სახიფათო გახდა. მატჩის პირველ ნახევარში საუკეთესო შანსი კარასკოს ჰქონდა: მე-13 წუთზე მან ლოდის კარგი თამაშის შემდეგ ისარგებლა და კარგად დაარტყა, მაგრამ ლაიპციგის მეკარე გულაჩიმ აუღო!

მეორე ტაიმის დასაწყისში ლაიპციგი დაწინაურდა: კამპლი-ლაიმერი-ზაბიტცერის კომბინაცია კარგი ჩაწოდებით გაგრძელდა და დანი ოლმოს ზუსტი თავური დარტყმითა და გოლით დასრულდა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა 71-ე წუთზე გაათანაბრა: შეცვლაზე შესულმა ჟოაო ფელიქსმა პენალტი მოიპოვა (თამაშის წესები კლოსტერმანმა დაარღვია), თვითონვე შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე ლაიპციგი ისევ დაწინაურდა: ზაბიტცერმა ბრწყინვალე პასით მოძებნა ანხელინო, რომელმაც ასევე ძალიან ჭკვიანური პასი გაუკეთა შეცვლაზე შესულ ტაილერ ადამსს, ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ კი ბურთი რიკოშეტით აღმოჩნდა ობლაკის კარში. ბოლო წუთებში მადრიდელები დიდი ძალებით წავიდნენ წინ, გერმანელთა საჯარიმოში მეკარე ობლაკიც კი ჩავიდა, მაგრამ სიმეონეს გუნდმა თამაშს გადარჩენა ვერ შეძლო. ნახევარფინალში ლაიპციგი პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.

ლაიპციგი 2:1 ატლეტიკო

გოლები: 1:0 დანი ოლმო (50), 1:1 ჟოაო ფელიქსი (71-პენ), 2:1 ადამსი (88)

ლაიპციგი (3-4-2-1): გულაჩი - კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - ლაიმერი (72. ადამსი), ზაბიტცერი (91. მუკიელე), კამპლი, ანხელინო - დანი ოლმო (83. შიკი), ნკუნკუ (83. ჰაიდარა) - პოულსენი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი - კოკე (92. ფელიპე), ერერა (58. ჟოაო ფელიქსი), საული, კარასკო - ლორენტე, დიეგო კოშტა (72. მორატა).

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური მატჩი გაიმართება: ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს ეთამაშება. შაბათს ბოლო მეოთხედფინალური მატჩია: მანჩესტერ სიტი-ლიონი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები