Thumbnail
  • ატალანტა 1:2 პსჟ
  • ლისაბონში ჩემპიონთა ლიგა რვათა ფინალის ფორმატში დაიწყო
  • პარიზელებმა მატჩის ბედი თამაშის ბოლო წუთებზე შემოატრიალეს

2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგა, "რვათა ფინალის" ფორმატში, ლისაბონში დაიწყო. ¼-ფინალურ ეტაპზე პირველები ერთმანეთს ბერგამოს ატალანტა და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. "ეშტადიუ და ლუშზე" უმაყურებლოდ გამართულ შეხვედრაში პარიზელები ბოლო წუთებამდე აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მარკინიოსისა და ერიკ შუპო-მოტინგის გოლებით, გამარჯვება იზეიმეს.

არ გამართლდა პარიზული გუნდის იმ გულშემატკივართა იმედები, რომლებსაც პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობაში, ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელებული კილიან მბაპეს გამოჩენის იმედი ჰქონდათ. თომას ტუხელმა ფორვარდი სათადარიგოთა შორის გაამწესა.

მატჩის დასაწყისში გატანის ბრწყინვალე შანსი გაანიავა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნეიმარმა, ანგარიში კი 27-ე წუთზე ატალანტამ გახსნა. ბერგამოელთა სწრაფი შეტევის შემდეგ, დუვან საპატამ ბურთი პსჟ-ის საჯარიმოში მყოფი მარიო პაშალიჩის მიმართულებით გაგზავნა, ხორვატმა კი ერთი შეხებით, ბურთი კეილორ ნავასის კარში ზუსტად გაუშვა - 1:0.

ატალანტა ნახევარფინალთან ძალიან ახლოს იყო

შესვენებამდე ტუხელის გუნდში მხოლოდ ნეიმარი ქმნიდა დასამახსოვრებელ და სახიფათო ეპიზოდებს, თუმცა ბრაზილიელს ბოლო მომენტებში სიზუსტე ღალატობდა და შედეგად, ატალანტამ ტაიმი მოიგო.

პსჟ-ის მწვრთნელმა მეორე ნახევარში ნეიმარს კილიან მბაპე შეაშველა, რომელიც მოედანზე პაბლო სარაბიას ნაცვლად მე-60 წუთზე შევიდა. ტუხელს კეილორ ნავასიც შეცვლაც მოუხდა. კოსტარიკელ მეკარეს ფეხის კუნთი უწყინარ სიტუაციაში დაეჭიმა და მოგვიანებით კარში მისი ადგილი სერხიო რიკომ დაიკავა.

ნეიმარმა და მბაპემ თავად ვერა, მაგრამ თანაგუნდელებს გაატანინეს

პსჟ უტევდა, თუმცა უშედეგოდ და ატალანტა ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ანგარიშში უპირატესობას. ბოლო წუთზე კი ნეიმარის პასის შემდეგ, მარკინიოსმა რიკოშეტით, მაგრამ მაინც გაიტანა და პსჟ-ს შანსი გაუჩინა, რომელიც უკვე კომპენსირებულ დროში, მაურო იკარდის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ერიკ შუპო-მოტინგმა რეალობად აქცია - 2:1 პარიზელთა სასარგებლოდ, პიერ ლუიჯი გასპერინის ძალიან შთამბეჭდავი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგა აქ დასრულდა.

½-ფინალში პარი სენ-ჟერმენის მეტოქე მადრიდის ატლეტიკოსა და ლაიპციგის დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართება.

საინტერესო ფაქტები

⚽ პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა, პირველად - 1994/95 წლების სეზონში.

⚽ ნახევარფინალში გასვლა 25-წლიანი პაუზის შემდეგ - ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.

⚽ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე გუნდია, რომელიც 90-ე წუთამდე აგებდა და მატჩი დამატებითი ტაიმების გარეშე მოიგო. 

⚽ მანამდე ეს მანჩესტერ იუნაიტედმა ბაიერნთან (1999 წელს), ბაიერნმა - ჩელსისთან (2005), ხოლოდ დორტმუნდმა მალაგასთან (2013) შეძლო.

⚽ ატალანტასთან ნეიმარის 16 დრიბლინგი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 2008 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

⚽ ერიკ შუპო-მოტინგმა ჩემპიონთა ლიგაში თავის მეორე გოლი გაიტანა - პირველად 2014 წლის შემდეგ.

⚽ ბერგამოს ატალანტამ ჩემპიონთა ლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშა და ¼-ფინალამდე გააღწია.

⚽ ბერგამოელებმა სეზონის ყველა ტურნირის 48 მატჩში მეტოქეების კარში ჯამში 116 გოლი გაიტანეს.

ნეიმარი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ატალანტა 1:2 პსჟ

გოლები: 1:0 პაშალიჩი (27’), 1:1 მარკინიოსი (90'), 1:2 შუპო-მოტინგი (90+3).

ატალანტა (3-4-2-1): სპორტიელო - ტოლოი, კალდარა, ჯიმშიტი (60; პალომინო) - ჰატებური, დე რონი, ფროილერი, გოზენსი (82' კასტანი) - პაშალიჩი (70' მურიელი), გომესი (59' მალინოვსკი) - საპატა (82' და რივა).

პსჟ (4-3-3): ნავასი (79' რიკო) - კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი - ერერა (72' დრაკსლერი), მარკინოსი, გეიე (72' პერედესი) - სარაბია (60' მბაპე), იკარდი (79' შუპო-მოტინგი), ნეიმარი. 

კომენტარები

ბოლო ამბები