Thumbnail

ისევ კორონავირუსი! ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი გაუქმდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაუქმებულია
  • მიზეზი კორონავირუსია, მთელი კლუბი კარანტინში გადაიყვანეს

დღეს, ნიონში, სტადიონ ‘კოლოვრეიზე’ ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო მატჩი უნდა გამართულიყო, რომელშიც კოსოვოს კლუბი დრიტა ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდს უნდა შეხვედროდა. ნეიტრალურ არენაზე დაგეგმილი ეს მატჩი გაუქმდა და მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია! ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა.

უფრო კონკრეტულად: დრიტას მეორე ფეხბურთელს დაუდასტურდა კოვიდ-19, რის შემდეგაც უეფამ დღევანდელი მატჩის გაუქმება გადაწყვიტა. მთელი გუნდი კარანტინშია გადაყვანილი.

ახლა უეფას კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პროტოკოლის მიხედვით, მატჩის გამართვა 14 აგვისტომდეა შესაძლებელი და თუ ეს შეუძლებელი იქნება, ლინფილდს, სავარაუდოდ, 3:0 მოგება ჩაეთვლება. წყვილში გამარჯვებული პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 18 აგვისტოს იწყება, ვარშავის ლეგიას უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი ალბანურ ტირანას დაუპირისპირდება (მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება). ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კახა ჩხეტიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე ბელგრადის ცრვენა ზვეზდასა და გიბრალტარის ევროპას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები