Thumbnail

პირლო იუვენტუსში შემადგენლობის წმენდას იწყებს, იტალიელები რევოლუციაზე წერენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსში რევოლუციური ცვლილებები იწყება. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ ცვლილებები დააჩქარა. პირველი გარდაუვალი ნაბიჯი მაურიციო სარის დათხოვნა იყო, რომელიც, ყველესათვის მოულოდნელად, ანდრეა პირლომ შეცვალა. 'კორიერე დელო სპორტი' იუვეში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე წერს.

მირალემ პიანიჩი უკვე ტურინელთა ყოფილი ფეხბურთელია და კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ახლა კი გუნდის გაახალგაზრდევა იწყება და მოსალოდნელია ხელფასების შემცირებაც. პირლოს ერა ტურინში ბლეზ მატუიდის წასვლით დაიწყო. არსებული ვითარება კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური გავლენით ბიუჯეტის შემცირებასაც ითვალისწინებს. ლიონთან ჩემპიონთა ლიგაზე მარცხმა ტურინელებს შემოსავალი დაუკარგა. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ტურინელთა მიზანია, შეიქმნას 200-მილიონიანი ბიუჯეტი ახალი ფეხბურთელების შესაძენად და ხელფასებიც რიგ შემთხვევაში შემცირდება.

მთავარი შემთხვევები ეხებათ გონსალო იგუაინსა და სამი ხედირას - მათ კონტრაქტები 2021 წლის ზაფხულამდე აქვთ გაფორმებული უზარმაზარი ხელფასებით. თუმცა „პიპიტას“ შემთხვევაში მსურველი გუნდის პოვნის პრობლემა დგას, ყველაზე რეალური ვარიანტი რივერ პლეიტში დაბრუნებაა. თუ ტურინული გრანდი არგენტინელსა და გერმანელს გაასხვისებს, იგუაინის შემთხვევაში 7.5 მილიონ ევროს, ხოლო ხედირას შემთხვევაში 6.5 მილიონ ევროს დაზოგავს.

სამი ხედირა და გონსალო იგუაინი პირლოს გეგმებში არ შედიან

უფრო მომგებიანია იუვენტუსისთვის დუგლას კოშტასა და ფედერიკო ბერნარდესკის გაყიდვა. ბრაზილიელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა, ხოლო იტალიელის - 30 მილიონი ევრო. კოშტას წარსულში პსჟ-ს, მანჩესტერ იუნაიტედისა და მიუნხენის ბაიერნის ინტერესი ჰქონდა, მაგრამ ახლა, მისი ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, გაურკვევლობაა. რაც შეეხება ბერნარდესკის - მას ყველაზე აქტიურად ბარსელონასა და ნაპოლის (როგორც არკადიუშ მილიკის ტრანსფერის ნაწილს) უკავშირებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

ბერნარდესკის და დუგლას კოშტას გაყიდვა იუვესთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება

როგორც ჩანს, პირლოს იუვენტუსში აარონ რემზის, დანიელე რუგანისა და მატია დე შილიოს ადგილიც არაა. იტალიელი მარჯვენა მცველი იანვარში პსჟ-ში პრაქტიკულად გადასული იყო, მაგრამ გარიგება ბოლო ეტაპზე ჩაიშალა, მისი ფასი 10 მილიონი ევროა. სიურპრიზი შეიძლება იყოს ალექს სანდროს სატრანსფერო ბაზარზე დაყენება, დაახლოებით 40 მილიონ ევროანი შეთავაზებით. იგივე ეხება ბრაზილიელ მცველ დანილოსაც.

'კორიერე' წერს, რომ ანდრეა პირლოს იუვენტუსში რევოლუციური ცვლილებები იწყება და ყველაფერი უახლოეს მომავალში უფრო აშკარა გახდება. შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ იუვენტუსი სამი დღის წინ ჩაიბარა და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები