Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 114:92 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძე მხოლოდ 5:29 წუთი ათამაშეს
  • ჰიტის გამარჯვება დიდწილად ბატლერის დამსახურებაა

მაიამისა და გოგა ბითაძის ინდიანას დაპირისპირება იდენტური ბალანსის მქონე გუნდების დუელი გახლდათ, რომელიც ჰიტმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი გაიმყარა. აღსანიშნავია, რომ ფლორიდელთაგან ყველა სტარტერმა და ასევე ორმა რეზერვისტმა ქულების 2-ციფრიან ნიშნულს მიაღწია.

პეისერსიდან საუკეთესო ოლადიპო იყო

პირველივე პერიოდში იყო მომენტი, როცა მაიამიმ 12-ქულიან უპირატესობას მიაღწია. პეისერსმა დიდ შესვენებამდე თამაშის გათანაბრება შეძლო, რაც პირველ რიგში ტი ჯეი უორენის დამსახურება გახლდათ. მეორე ტაიმი მაიამის 8:0 გაქცევით დაიწყო, გოგა ბითაძის გუნდს კი თითქმის არაფერი გამოსდიოდა.

თუკი მაიამიმ პირველ ტაიმში სამქულიანების 21,1 პროცენტი ჩააგდო, მეორე ტაიმში ეს მაჩვენებელი 54,5 პროცენტამდე გაიზარდა (6/11). აქედან სამი მხოლოდ დანკან რობინსონის ანგარიშზე იყო. შედეგად, ჰიტი დიდი სხვაობით გავიდა წინ - მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ინდიანა უკვე 20 ქულას აგებდა.

მაიამიმ შეძლო და უორენს (12 ქულა, 5/14, 5 მოხსნა) მეორე ტაიმში თითქმის აღარაფერი გააბედინა. ეს დიდწილად ჯიმი ბატლერის დამსახურება გახლდათ, რომელმაც დაცვაში მაგრად იშრომა და საბოლოოდ 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. ძალიან კარგად ითამაშეს ასევე დერიკ ჯონს უმცროსმა (18 ქულა) და ტაილერ ჰირომ (17 ქულა).

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის ჩატენვა მაიამისთან

პეისერსიდან საუკეთესო ვიქტორ ოლადიპო გახლდათ - 14 ქულით. მის გარდა, 10 ქულას მხოლოდ უორენი (12) და მალკოლმ ბროგდონი (12) გადაცდნენ. გოგა ბითაძემ ამჯერად გუნდში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 5 წუთი და 29 წამი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში 2 ქულის და 1 მოხსნის (დაცვაში) აღება შეძლო. მან ორჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და მიზანს ერთხელ მიაღწია (ეფექტური ჩატენვით), საჯარიმო და 3-ქულიანი კი არ უსვრია. ასევე აღსანიშნავია, რომ ინდიანას ჯამში მხოლოდ 45 მოხსნა ჰქონდა, მაიამის კი - 59.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აგვისტოს, ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ გამართავს, მაიამი კი იმავე დღეს ოკლაჰომას დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები