Thumbnail

ყენიამ პსვ-სთან ითამაშა - ლევანი მე-3 ბუნდესლიგის კლუბში ისინჯება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანა პირველივე წუთზე შეეძლო
  • 29 წლის ლევან ყენიას გერმანიაში შალკესა და ფორტუნაში უთამაშია

29 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია სინჯებზე გერმანიის მე-3 ბუნდესლიგის ბინადარ ურდინგენში იმყოფება და თუკი სამწვრთნელო შტაბისთვის თავის მოწონება მოახერხა, ახალ სეზონს სწორედ ამ გუნდში დაიწყებს.

ურდინგენმა პირველი საკონტროლო მატჩი დღეს ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ პსვ-სთან ჩაატარა და ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო. თამაში სულ რაღაც ნახევარი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლევანი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა, საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.

მწვრთნელის კომენტარი ყენიას თაობაზე მოკლე იყო: “გადაწყვეტილი არაფერია”.

თამაშის შემდეგ ურდინგენელთა მთავარ მწვრთნელს შტეფან კრამერს ყენიას თაობაზეც დაეკითხნენ, თუმცა, მან მოკლედ უპასუხა: “გადაწყვეტილი არაფერია”. სხვათა შორის, ამჟამად, ურდინგენელთა რიგებში დიდი ცვლილებებია და გუნდში ერთბაშად 9 ახალი ფეხბურთელი იმყოფება, ამდენად, გეგმებიც სერიოზული აქვთ. გასულ სეზონში მათ 38 ტურში 48 ქულა მოაგროვეს, მე-13 ადგილზე გავიდნენ მე-2 ბუნდესლიგაში გადასულ მიუნხენის ბაიერნის მე-2 გუნდსა (65 ქულა) და ვურცბურგერ კიკერსს (64) საგრძნობი სხვაობით ჩამორჩნენ. მე-3 ბუნდესლიგაში ახალი სეზონი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ყენიას გერმანიაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს, ის გელზენკირხენის შალკეში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაირიცხა, შემდეგ კი, დიუსელდორფის ფორტუნაში თამაშიც მოასწრო. ლევანს უცხოეთში ლვოვის კარპატის, პრაღის სლავიას და ლუქსემბურგის დუდელანჟის ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი, საბურთალოს რიგებში ირიცხებოდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები