Thumbnail
  • ქართველმა ფორვარდმა პრაღელებთან მატჩში თავი პენალტით გამოიჩინა
  • ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი უნგრეთის ჩემპიონატში მომავალ კვირას ჩაებმება

26 წლის ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც მიმდინარე ზაფხულს უნგრულ ფეჰერვარს შეუერთდა, ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ეს პრაღის სლავიასთან ამხანაგურ მატჩში მოხდა, რომელიც უნგრელებმა 1:3 წააგეს.

ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთამდე ითამაშა, მე-9 წუთზე კი პენალტის შესრულება ითავა და ფეჰერვარი დააწინაურა. სხვა საქმეა, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდმა მე-2 ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

ბუდუ ზივზივაძე 11-მეტრიანის შესრულების დროს

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის პირველი უცხოური კლუბი დანიური ესბიერგი იყო, უნგრეთში კი, მეზოკოვეშდში (38 თამაშში 10 გოლი) თამაშიც მოასწრო. ფეჰერვარმა გასულ სეზონში 63 ქულა მოაგროვა და ქვეყნის ჩემპიონს, ლაშა დვალის ფენერცვაროშს 13 ქულით ჩამორჩა. ახალ სეზონში ბუდუს გუნდი, რომელიც უნგრეთის 3-გზის (2010-11, 2014-15, 2017-18) ჩემპიონია, უეფა-ს ევროპის ლიგაზეც სცდის ბედს. უნგრეთის პირველობა სტარტს 14 აგვისტოს აიღებს, ფეჰერვარი კი სტუმრად ზალაგაერსეგის ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები