Thumbnail

'კმაყოფილი ვარ, დინამოსთვის ადრეც მოგვიგია' - ალბანელებს წილისყრა მოეწონათ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ალბანური ტირანას მფლობელი და პრეზიდენტი რეფიკ ჰალილი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დინამო თბილისთან შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ტირანას საქართველოს ჩემპიონთან ადრეც უმარჯვია და წარმატებაში ახლაც დარწმუნებულია.

“წილისყრის შედეგებით კმაყოფილი დავრჩი, მეტსაც გეტყვით, მშვიდადაც კი ვარ. წინასწარი მეტოქეები ვიცოდით და ნამდვილად გაგვიმართლა, რომ დინამო შეგვხვდა. მათთან ადრეც გვითამაშია და მაშინ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდა. მჯერა, შემდეგ ეტაპზე ამჯერადაც ჩვენ გავალთ. მომავალი კვირის განმავლობაში, 3 ახალწვეული გვეყოლება. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელს ჯანმრთელობას ვუსურვებ. იმედია, საქართველოში სრულად კონცენტრირებულნი ჩავალთ”.

დინამო-ტირანა 2003 წელს: ლადო ახალაია ლუან პინარის წინააღმდეგ

დინამოსა და ტირანას დაპირისპირება, რომელზეც ჰალილი საუბრობს, ჩემპიონთა ლიგის 2003-04 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. მაშინ დინამომ საშინაო მატჩი ლევან მელქაძის, გიორგი ანჩაბაძისა და ვიტალის დარასელიას გოლებით 3:0 მოიგო, სტუმრად კი ამავე ანგარიშით დამარცხდა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში 2:4 წააგო.

ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის წილისყრა დღეს შედგა და ისიც გაირკვა, რომ დინამო ალბანეთის საუკეთესო გუნდს თბილისში დაუხვდება. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომავალი დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება, ამდენად, ქართულ კლუბს სოლიდური უპირატესობა აქვს. თამაში 18 ან 19 აგვისტოს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები