Thumbnail
  • 'ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ'
  • ეროვნული ნაკრებების შესახებ უეფა ონლაინ-შეხვედრას 20 აგვისტომდე გამართავს

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შესახებ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლების სეზონის ევრო ტურნირების წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. უეფას დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ წყვილის ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძლობას, შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილ გუნდებს შორის იქნება. ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშები ერთ ეტაპად 18-19 აგვისტოს ჩატარდება. 27 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელით საბურთალო, დინამო ბათუმი და ლოკომოტივი ითამაშებენ და ამ შემთხვევაში, სამივე ქართული კლუბი განუთესავთა შორის იქნება.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადაიდო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელიც სექტემბრის სანაკრებო შესვენების ნაცვლად, ოქტომბერში გაიმართება. რაც შეეხება 2021 წლის 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეხვედრები 2021 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო. ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებების მატჩების შესახებ უეფა კიდევ ერთ ონლაინ-შეხვედრას 20 აგვისტომდე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ.

ვიდეო კონფრენციაზე უეფას წევრი ასოციაციების გენერალურმა მდივნებმა ასევე იმსჯელეს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩებზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სექტემბრის სანაკრებო პაუზამ შესაძლოა 2021 წლის თებერვალში გადაინაცვლოს. ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ, კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

“დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა ევროტურნირები იყო. კვირას, 9 აგვისტოს, მომდევნო სეზონის ევროტურნირების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილება ჯერაც პრობლემურ საკითხად რჩება, აქედან გამომდინარე, უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება. დღეს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა, ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. უეფამ ასევე გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა, იმ შემთხვევაში თუ წყვილიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. წარმოდგენილ იქნა ოთხი ქვეყნის ვარიანტი: საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი და უნგრეთი.

ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გამართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს. დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების განრიგი უცვლელი რჩება, თუმცა 20 აგვისტომდე უეფას ორგანიზებით კიდევ ერთი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, სადაც ყველა ის დეტალი გაირკვევა თუ რა პირობებში მოგვიწევს ამ მატჩების ჩატარება“.

კომენტარები

ბოლო ამბები