Thumbnail

'უეფა ბოლო მომენტში გადაწყვეტს' - სად ჩატარდება სომხეთი-საქართველო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშების C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთთან და სომხეთთან ერთად მოხვდა, მატჩებს 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს. ქართველ ფეხბურთელებს სომხეთში სტუმრობა 11 ოქტომბერს უწევთ და დღევანდელი გადასახედიდან სულაც არაა ცხადი, რომ თამაში ერევანში ჩატარდება.

მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და არის ვარიანტი, რომ სომხეთთან პირველი თამაში გადაიდოს, ან პირველი მატჩი საქართველოში გაიმართოს. ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში“ სტუმრობისას გამოეხმაურა.

“რასაკვირველია, ამაზე ვფიქრობთ და აბსოლუტურად სწორი შეკითხვაა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება, რადგან სომხეთს ოქტომბერში უნდა ვესტუმროთ. თუ იმ დროისთვის, რომელიმე ქვეყანაში მძიმე ეპიდემილოგიური ვითარება იქნება, თამაშის მასპინძელი ქვეყნის შეცვლაზე უეფა დაფიქრდება. თუმცა, ამაზე ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს. მეორე მხრივ, პრობლემური ქვეყნიდან დელეგაციის მიღებაც არ არის იდეალური. თუმცა, ასეთ ქვეყანაში ჩასვლა და ცხოვრებაც რისკებთან არის დაკავშირებული. სომხეთთან თამაშს რომ მივუახლოვდებით, ყველაფერი უფრო გაირკვევა. უეფა ყველა ქვეყანაში არსებული ვითარებით ყოველდღიურად ინტერესდება და ყველა კონკრეტული მატჩის ბედიც ამის მიხედვით გადაწყდება“.

საქართველოს ნაკრების მატჩები ერთა ლიგაში

📅 5 სექტემბერი ⌚ 20:00 (თბილისის დრო) ⚽ ესტონეთი - საქართველო
📅 8 სექტემბერი ⌚ 20:00 ⚽ საქართველო - ჩრდ. მაკედონია

📅 11 ოქტომბერი ⌚ 20:00 ⚽ სომხეთი - საქართველო
📅 14 ოქტომბერი ⌚ 22:45 ⚽ ჩრდ. მაკედონია - საქართველო

📅 15 ნოემბერი ⌚ 21:00 ⚽ საქართველო - სომხეთი
📅 18 ნოემბერი ⌚ 21:00 ⚽ საქართველო - ესტონეთი

კომენტარები

ბოლო ამბები