Thumbnail

გორგასლიძე: თითქმის გადაწყვეტილია, რომ ოქტომბერში შოტლანდიას ვეთამაშებით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • '8 ერთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირს საუბარი არავისთან ჰქონია'
  • 'რუსეთთან 31 ოქტომბერს თამაში არ გვინდა, რადგანაც ამ დღეს ჩვენთან არჩევნებია'
  • 'დიდი 10 და საქართველოს სხვა ჩემპიონატები სავარაუდოდ სექტემბერში განახლდება'
  • სრკ-ს დროებითი თავკაცის გიორგი გორგასლიძის პირველი პრესკონფერენცია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ, დღეს, ამ რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიას კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დეტალებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ პრესკონფერენციაზე გორგასლიძემ ერთი სასიხარულო ამბავი გააჟღერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24-25 ოქტომბერს ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს შეხვდებიან:

“ხშირად გვსაყვედურობენ, რომ რაგბის კავშირი ამა თუ იმ მატჩის ჩატარებას უცხოურ მედიაზე გვიან აანონსებს, მაგრამ ჩვენ თამაშებს ოფიციალურად ვერ გამოვაცხადებთ, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე არ იქნება შეთანხმებული. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 24 ან 25 ოქტომბერს შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით. ეს თანხებთანაა დაკავშირებული და გვაქვს პირობა მთავრობიდან, რომ დაგვეხმარებიან. მადლობა შოტლანდიელებს მიწვევისთვის. სიტყვიერი შეთანხმება უკვე გაგვაჩნია. ფაქტობრივად ერთი კომუნიკაცია დარჩა და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“.

კითხვა დაისვა ნოემბერ-დეკემბერში გასამართ ეგრედ წოდებულ რვა ერზეც.

“პანდემიის გამო მსოფლიო რაგბსაც გაუჭირდა და შემოსავლების მისაღებად ის ერთჯერად, 8-გუნდიანი კომერციული ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირს საუბარი არავისთან ჰქონია“.

'შოტლანდიასთან თამაში თანხებთანაა დაკავშირებული და მთავრობისგან პირობა გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან'

რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფლებამოვალეობის შემსრულებელმა რუსეთთან მატჩზეც ისაუბრა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით უნდა შედგეს.

“რაგბი ევროპამ რუსეთთან მატჩი 31 ოქტომბერს ჩანიშნა, თუმცა, ეს,  დადასტურებული არ არის. ამ დღეს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები იმართება და რუსეთთან თამაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენ მასპინძლები ვართ და ჯერ ამ თამაშზე დასტური არ მიგვიცია. თუ მოხდება თარიღის შეცვლა და თანაც ისე, რომ შეხვედრა მსოფლიო რაგბის სანაკრებო ფანჯარაში ჩაჯდება, რათა უძლიერესი შემადგენლობის შეკრება შევძლოთ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ“.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის – დიდი 10-ის ირგვლივ არსებული ვითარება, რაზეც გორგასლიძემ შემდეგი განაცხადა:

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავიწყოთ რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები – დიდი 10, პირველი და რეგიონალ ლიგა, ასევე ჭაბუკთა ლიგები და ბავშვთა ფესტივალები, მაგრამ ფინანსების გარეშე ამ მდგომარეობიდან დაძვრა რთული იქნება. ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი, რომელთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია მიწოდებული გვაქვს, ხოლო ჩემპიონატები სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განახლდება“.

გორგასლიძეს ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა არჩევნებისთვის გუნდების ხმების კვოტები, რაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო...

“ხმების კვოტებთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ და ის სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. ეს ყველაფერი წესდებითაა გაწერილი და ჩემი აზრით, არც ყველა პრეტენზიაა სამართლიანი. ჩემი მიზანია რაგბის კავშირი არჩევნებამდე აპოლიტიკურად მივიყვანო, ვგულისხმობ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არჩევნებს. ის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე უნდა ჩატარდეს და ცივი გონებით მივიდეთ არჩევნებამდე“.

კომენტარები

ბოლო ამბები