Thumbnail

იკერ კასილიასმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ახლახან გამოაცხადა. 39 წლის ლეგენდარული ესპანელი მეკარის გადაწყვეტილებას, რომელსაც 2019 წელს, გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღარ უთამაშია, ფეხბურთის ვარსკვლავები, მისი ყოფილი თანაგუნდელები და მეტოქეები გამოეხმაურნენ. კომენტარი კასილიასის ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც გააკეთა.

ლიონელ მესი: "იკერი ასრულებს კარიერას, მაგრამ მან თავისი გვარი დიდი ხნის წინ ჩაწერა ფეხბურთის ისტორიაში. ეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ეტალონი იყო ესპანურ ლიგაში, არამედ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონეზე ყველაფერი მოიგო.

შენ დიდებული მეკარე ხარ და ჩემთვის რთული იყო შენს წინააღმდეგ თამაში. ვიხსენებ წარსულს და ვაცხადებ, რომ ეს ბრწყინვალე მეტოქეობა იყო, რომელიც გვაიძულებდა, თითოეულ მატჩში საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი გვეჩვენებინა".

კასილიასს და მესის ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ 

ჟოზე მოურინიო: "მისი ჭკუისა და საზრიანობის წყალობით, ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს, წლებთან ერთად კი პატივისცემა ნამდვილ მეგობრობაში გადაიზარდა. კასილიასი ბრწყინვალე მეკარე და დიდებული ადამიანია. ის რეალის, ესპანეთის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა. სწორედ მასთან ერთად მოვიგე ლა ლიგა. მასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა, რომელიც ემყარებოდა პროფესიონალურ და არა პირად ინტერესებს - ვამჯობინე სხვა მეკარე.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ როდესაც გუნდი ჩავიბარე, გარკვეული კონფრონტაცია გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ეგოს ბრალი იყო, თუმცა იყო პრობლემა რეალის კაპიტანსა და მწვრთნელს შორის. ჩემთვის იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, მისთვის კი - დათანხმება, მაგრამ ბევრისთვის გასაკვირად, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს".

იკერი და კრიშტიანო რეალში ერთად 2009-15 წლებში გამოდიოდნენ

კრიშტიანო რონალდო: "ამაყი ვარ იმით, რომ ერთმანეთთან დიდებული მომენტები გვაკავშირებს".

ჯანლუიჯი ბუფონი: "ამბობენ, რომ კონკურენცია უკეთესს გვხდის, მაგრამ საკუთარი თავისადმი უფრო მომთხოვნსაც. შესაძლოა, სრულყოფისკენ სწრაფვამ გვაქცია იმად, ვინც ვართ. გმადლობ, იკერ. შენს გარეშე ამ ყველაფერს გაცილებით ნაკლები წონა ექნებოდა".

იკერი და ჯიჯი მეტოქეები სანაკრებო დონეზეც იყვნენ

სესკ ფაბრეგასი: "დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია და რაც საფეხბურთო სამყაროს მოედანზე და მის მიღმა მიეცი. შენ ხარ სარკე, რომელშიც შეგიძლია ჩაიხედო. წარმატებები შენ და შენს ოჯახს მომავალში".

იკერს ჯანმრთელობის პრობლემა პორტუში გამოსვლის პერიოდში შეექმნა

იკერ კასილიასი რეალის აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. მეკარემ "სამეფო კლუბში" 18 ტიტული მოიგო, მათ შორის: ესპანეთის ჩემპიონობა (5), ესპანეთის თასი (2) და ჩემპიონთა ლიგა (3).

იკერი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000-2016 წლებში გამოდიოდა და მასთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონატის (2008 და 2012 წლებში) გამარჯვებული გახდა, ერთხელ - მუნდიალის (2010).

კომენტარები

ბოლო ამბები