Thumbnail

PewDiePie: ყველაზე პოპულარული Youtuber-ის წარმატების ისტორია

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • PewDiePie-ს 100 მილიონზე მეტი გამომწერი და 26 მილიარდი ნახვა აქვს Youtube-ზე
  • ბლოგერმა Youtube-ს არხი 2011 წელს შექმნა
  • მას წარმატება საშინელებათა ჟანრის თამაშებმა და კარგმა იუმორმა მოუტანა

PewDiePie ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ადამიანია იუთუბზე. მის არხს 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 30 წლის გეიმერის სრული შემოსავალი უცნობია. საინტერესო ფაქტია, რომ თავად ფელიქსი, საკუთარ შემოსავალზე საუბარს ერიდება და თავისი მთლიანი ქონება ''დაახლოებით 25 მილიონ დოლარად'' შეაფასა სთრიმზე.

თუმცა, ინტერნეტ გამომთვლელების საშუალებით, ფანებმა და ჟურნალისტებმა სცადეს გაერკვიათ, რა შემოსავალი ექნებოდა სთრიმერს მხოლოდ იუთუბის რეკლამებიდან და ეს რიცხვი მხოლოდ 2019 წელს 45 მილიონი დოლარი მაინც იქნებოდა.

ამას გარდა, სთრიმერი ფულს საკუთარ ბრენდთან ასოცირებული ტანისამოსისა და აქსესუარების გაყიდვით და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობითაც შოულობს. შესაბამისად, PewDiePie ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე თავად აღიარებს.

დღეს PewDiePie-ის შესახებ თამაშების ყველა მოყვარულს სმენია, თუმცა შესაძლოა, არ იცოდეთ, ვინ იყო იგი იუთუბის ვარსკვლავობამდე და როგორ მიაღწია წარმატებას.

PewDiePie-ის ნამდვილი სახელი ფელიქს არვიდ ულფ კელბერგია. ის გოტენბურგში (შვედეთი) დაიბადა. მისი მშობლები IT სფეროში წარმატებული ბიზნესის მფლობელები არიან. შესაბამისად, ის მითი, რომ ფელიქსი წარმატების მიღწევამდე სიღარიბეში ცხოვრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფელიქსი მშობლებთან და დებთან ერთად

ფელიქსს ვიდეოთამაშები დედამ შეაყვარა - ისინი ხშირად თამაშობდნენ Super Nintendo-ს. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ პატარა ფელიქსი საკმაოდ ცელქი და უცნაური ბავშვი იყო. ხშირად, ხუმრობით, გოგონას ტანსაცმელში გამოწყობაც უყვარდა.

სკოლაში სწავლისას, ფელიქსი ვიდეოთამაშებმა კიდევ უფრო გაიტაცა. ბიჭი მეცადინეობის ნაცვლად, დროს World of Warcraft-ის თამაშს უთმობდა, რამაც მის ნიშნებზე ცუდი გავლენა მოახდინა. თუმცა, ფელიქსმა მაინც მოახერხა სკოლის წარმატებით დამთავრება და საკუთარ ქალაქ გოტენბურგში, ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც ჩააბარა ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. თუმცა, ფელიქსი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ეჯავრებოდა და 2011 წელს მიატოვა კიდეც სწავლა.

ფელიქსმა Youtube-ს არხი პირველად კოლეჯში სწავლისას შექმნა, Minecraft-ის ვიდეოებს ტვირთავდა და მალევე, გულშემატკივრების შთამბეჭდავი არმიაც შექმნა. მაშინ, ე.წ. ''walkthrough'' ვიდეოები ახალი ფორმატი იყო. სწორედ მისმა ორიგინალურმა მიგნებამ ფელიქსს პოპულარობა და კარგი შემოსავალიც მოუტანა. თუმცა, მალევე ექაუნთის პაროლი დაკარგა და ახალი არხის შექმნა მოუწია, რომელსაც ამჯერად PewDiePie დაარქვა. 

LOL, LPL [09.08]

ახალ არხსაც ნელ-ნელა ემატებოდა მაყურებლები, თუმცა პოპულარობა ფელიქსს საშინელებათა ჟანრის თამაშმა "Amnesia: The Dark Descent"-მა მოუტანა. ფელიქსმა საკუთარ ვიდეოებში მშიშარა ბიჭის როლი მოირგო და თამაშს კომედიურ მონოლოგებსაც უმატებდა. სწორედ ასე აღმოაჩინა PewDiePie-მ საკუთარი სტილი, რომელმაც წარმატება მოუტანა და რომლის მიბაძვას დღესაც უამრავი გეიმერი ცდილობს.

ფელიქსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ''ვიცოდი, რომ Youtube-ს გამო უნივერსიტეტის მიტოვება სულელური საქციელი იქნებოდა, მაგრამ მენეჯმენტი და ეკონომიკა ჯოჯოხეთურად მოსაწყენი რამაა. სტუდენტებიც მოსაწყენი ხალხი იყო. ვერავის ვერ ვეწყობოდი".

სწორედ ამიტომ, ფელიქსმა 2010 წლის აპრილში უნივერსიტეტი მიატოვა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მშობლებმა ცუდად მიიღეს და შვილს ფინანსურ დახმარებაზე უარი განუცხადეს. ამან Pewdie რთულ სიტუაციაში ჩააგდო - დიპლომი არ ჰქონდა, მაგრამ როგორმე სამსახური უნდა მოეძებნა, თავიც ერჩინა და Youtube-ს არხზეც ემუშავა.

თავის შესანახად ფელიქსმა ჰოთდოგების გაყიდვა დაიწყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო. ''სოსისებს არ ვხარშავდი: შესაბამისი აპარატურა არ მქონდა. უბრალოდ, მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებდი და ჰოთდოგის სოუსში ვაწობდი".

ამ ბიზნესმა არ გაამართლა, მაგრამ კრეატიულმა ახალგაზრდამ შემოსავლის სხვა წყარო იპოვა - ხატვა და ფოტოშოპი ეხერხებოდა და სარეკლამო სააგენტოებთან დაიწყო დაიწყო თანამშრომლობა. პარალელურად, ნახატებს ყიდდა და კარგი კომპიუტერისათვის ფულს აგროვებდა, რომ გეიმერული კარიერა გაეგრძელებინა.

ფელიქსი უნივერსიტეტში სწავლის დროს

ფელიქსს პოპულარობისთვის ერთბაშად არ მიუღწევია, თუმცა მისი არხი ნელ-ნელა იკრებდა ძალებს. სამი წლის შემდეგ, 2013 წელს, მას Youtube-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2015 წელს კი ფელიქსი პირველი იუთუბერი გახდა, რომელმაც 10 მილიარდ ნახვაზე მეტი დააგროვა. 2016 წელს, ჟურნალმა Times-მა ფელიქსი ''მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის'' სიაში შეიყვანა. 2019 წელს კი, PewDiePie-მ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა 100 მილიონი გამომწერის წყალობით.

შედარებისთვის, ფელიქსს იმაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდრე ისეთ პოპვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი (46 მილიონი გამომწერი) და არიანა გრანდე (37 მილიონი გამომწერი).

რასაკვირველია, წარმატებას ფულიც მოჰყვა. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ის წელიწადში დაახლოებით 15,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. Youtube ფელიქსს თითეულ ვიდეოზე ათას ნახვაში დაახლოებით 5 $-ს უხდის.

Youtube-ზე წარმატება ბევრისთვის უცნაური მოვლენაა. სხვა ბლოგერები ფელიქსის არხს სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ხუმრობდნენ, რომ მისი ვიდეოები ''9 წლის ბავშვებისთვის'' იყო. ამის პასუხად ფელიქსმა საკუთარი არხის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მისი მაყურებლების 44 პროცენტი 18-24 წლამდე ასაკისაა, 28% კი - 25-დან 34 წლამდე.

LOL, LCK [08.08]

ისევე, როგორც ასაკოვან ადამიანთა უმეტესობას, გეიმერის ასეთი წარმატება ფელიქსის მშობლებსაც არ ესმით. ''მისი იუმორი საერთოდ არ მესმის, - აღნიშნა ერთ-ერთ შვედურ ტელეარხთან ინტერვიუში ფელიქსის დედამ. - ხშირად მხვდება ხოლმე ასეთი კომენტარები: "ვაიმე, შეხედეთ, 4;30 წამზე, ასე ცხოვრებაში არ მიცინია". გადავდივარ იმ მომენტზე და სასაცილოს ვერაფერს ვხედავ".

ფელიქსის იუმორი ხშირად გამხდარა სკანდალების მიზეზი სოციალურ მედიაში. მაგალითად, 2017 წლის თებერვალში, Wall Street Journal-მა დაბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ PewDiePie-ს ვიდეოები ანტისემიტურ გამონათქვამებსა და სიმბოლოებს შეიცავდა და იუთუბერს ნაციზმში დასდო ბრალი.

ამ ბრალდების პასუხად, ფელიქსმა განაცხადა: "ძველმოდურ მედიას ბლოგერების შურს და არ ესმის. ისინი ცდილობენ, ყველანაირ სიბინძურეში გაგვრიონ და მათ ჩვენი ყველა ხუმრობა აღიზიანებთ".

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ფელიქსის ''ირონიული რასიზმის'' სტილის ხუმრობები ნეონაცისტურმა ორგანიზაციებმაც სერიოზულად აღიქვეს და ფელიქსი საკუთარ თანამებრძოლად გამოაცხადეს. ამის შემდეგ ფელიქსმა რასისტული მასალების შემცველი ვიდეოები წაშალა და განაცხადა რომ ეს ამბავი "არაფერზე დაფუძნებული ისტერიკა იყო, უაზრო სკანდალის ასაგორებლად".

ფელიქსისა და მარციას ქორწილი

2019 წლის აგვისტოში, ფელიქსი თავის გელფრენდზე, მარციაზე დაქორწინდა. მარციაც ბლოგერია და ის ხშირად ჩნდებოდა ფელიქსის ვიდეოებში. ეს ბედნიერი მოვლენა ფელიქსის კიდევ ერთ წარმატებას - 100 მილიონი გამომწერის დაგროვებას დაემთხვა.

''ჩვენ ეს შევძელით! ეს წარმოუდგენელია! - დაწერა ტვიტერზე 2019 წლის 27 აგვისტოს ფელიქსმა.  - მგონია, რომ ამის ღირსი არა ვარ, თუმცა, მადლობელი ვარ. როგორც კი თაფლობის თვიდან დავბრუნდები, მუშაობას გავაგრძელებ!"

2019 წელს, ფელიქსმა სულ 54 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში, ბლოგერმა ფანებს გაუმხილა, რომ წლების განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობამ ძალიან დაღალა და ცოტა ხნით ვიდეოებს და სთრიმებს გააჩერებდა. 

''გადავწყვიტე, რომ შემდეგ წელს Youtube-სგან დავისვენებ, - თქვა მან საკუთარ სთრიმზე. - აზრს არ შევიცვლი, ამას ნუ მთხოვთ. უბრალოდ, მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ. ძალიან დავიღალე. არ ვიცი, ამას ამჩნევთ თუ არა, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. მგონია, რომ ეს პაუზა ჩემთვის სასარგებლო იქნება. 10 წელია, Youtube-ს გარეშე ერთი დღეც არ გამიტარებია. დამავიწყდა, როგორია, ვიდეოებზე რომ არ მუშაობ და ახალ პოსტებზე არ ფიქრობ".

StarCraft,  Gsl Season 2 Code S, Playoffs [08.08]

საბოლოოდ, ფელიქსმა Youtube-ს გარეშე მხოლოდ ერთი თვე გაძლო. მან მუშაობა 2020 წლის 22 თებერვალს განაგრძო. 2020 წლის მონაცემებით, ბლოგერს საკუთარ არხზე უკვე 25 მილიარდი ნახვა აქვს დაგროვებული. უცნობია, ზუსტად რა თანხა გამოიმუშავა ბლოგერმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე, თუმცა ის ბრენდებთან თანამშრომლობისა და მათი პროდუქტის ვიდეოებში რეკლამირების სანაცვლოდ, მინიმუმ, თითოეულ ვიდეოზე 450 000 $ შოულობს. 

პოპულარობა ფელიქსს თავდადებულმა შრომამ მოუტანა. ის ახალ ვიდეოებს ყოველდღე, ხანდახან კი დღეში რამდენჯერმეც დებდა. სწორედ ასეთმა რეგულარულმა ატვირთვებმა და მხიარულმა სტილმა განაპირობა მისი წარმატება.

კომენტარები

ბოლო ამბები